კომპენსაცია ძალადობის მსხვერპლებისთვის: როგორ მუშაობს სიახლე პრაქტიკაში

თარიღი:

სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტის შესახებ. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტის შესახებ. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

2023 წლის 2 მაისს ფემიციდის მსხვერპლის შვილმა, 8 წლის გოგომ, სახელმწიფოსგან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო. შემთხვევა, რომელზეც ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ მუშაობდა, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის პირველი პრეცედენტი იყო.

“ბავშვის ბებიამ კომპენსაციის მიღებაზე სამართლებრივი დახმარებისთვის მოძალადე კაცის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოგვმართა. იგი იძულებული გახდა, სრულად ეტვირთა შვილიშვილის აღზრდის პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი მისმა ყოფილმა ქმარმა და ბავშვის მამამ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბებია და შვილიშვილი ნაქირავებ ბინაში, მძიმე ეკონომიკურ პირობებში, განაგრძობდნენ ცხოვრებას“, - იხსენებს „უფლებები საქართველოს“ იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც კომპენსაციის საქმეზე მუშაობდა.

საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი 2022 წლის 9 ნოემბერს დაამტკიცა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ცვლილების შედეგად, ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია, სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღოს, თუ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. კომპენსაციის ოდენობა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება. კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოა, რომლის მიერ გაცემული კომპენსაცია მაქსიმუმ 10 000 ლარს შეადგენს.

წესის ამოქმედებიდან დღემდე სააგენტოში კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ 11 განცხადება შევიდა, 9 დაკმაყოფილდა, 2 კი წარმოებაშია. 8 შემთხვევაში კომპენსაცია ფემიციდის მსხვერპლების არასრულწლოვან შვილებზე გაიცა, 1 შემთხვევაში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა კომპენსაცია ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მიიღო. როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირმა ალადაშვილი აღნიშნავს, მომართვის მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ამ მექანიზმის არსებობის შესახებ ცნობიერება იზრდება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

საერთო სტატისტიკიდან, ფემიციდის 5 შემთხვევაში მსხვერპლი ქალის 9 ბავშვის სახელით მიმართვები სააგენტოში ორგანიზაციამ „უფლებები საქართველომ“ გაგზავნა. როგორც ელისო რუხაძე აღნიშნავს, მიღებული კომპენსაცია მატერიალურთან ერთად, მორალური მხარდაჭერა აღმოჩნდა: „ბავშვების უმეტესობამ სრულფასოვანი განათლების მიღება და ცხოვრების ნორმალურ ტემპში გაგრძელება შეძლო. თუმცა, ჯერჯერობით მსხვერპლი ქალების მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვიანობა კვლავ დაბალია, ასევე, დადგენილება არ მოიცავს კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას ძალადობის ისეთ საქმეებზე, როდესაც მოძალადე შეურაცხადია და სასამართლო მას მორალური ზიანის ანაზღაურებას ვერ აკისრებს“, - აცხადებს ის.

გარდა იმისა, რომ კომპენსაციის გაცემის წესი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მექანიზმია, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებასაც წარმოადგენდა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია მის შესასრულებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობდა. ამ თანამშრომლობის შედეგად, გაანალიზდა კომპენსაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, შემდეგ კი, მასზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი მოამზადა.

მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ განხორციელდა.