ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა: შედეგები და ტენდენციები

თარიღი:

კვლევის პრეზენტაციას, ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
კვლევის პრეზენტაციას, ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4 ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერით წარადგინეს, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის ფორმების გავრცელების მასშტაბი, ასევე, ადევნების, ბავშვობაში განცდილი ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტები შეისწავლა.

კვლევის პრეზენტაციას, ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შედეგების წარდგენისას აღინიშნა, რომ საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა. ქალების 24%-ს ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია, 8%-ს — ეკონომიკური ძალადობა, 6%-ს — ფიზიკური ძალადობა, 4%-ს კი — სექსუალური ძალადობა.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ საზოგადოებრივი დამოკიდებულებებიც შეისწავლა: საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა ქალების 21.4% და კაცების 37.2% კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. ამას გარდა, შემცირდა იმ ქალების რიცხვიც, ვინც ამბობს ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა: თუ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 65.8% იყო, ახლა 59.9%-ია. რაც შეეხება კაცებს, დამოკიდებულებები მათ შემთხვევაშიც მცირედით, მაგრამ შეცვლილია: 2017 წელს 78% ამბობდა, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა, ახლა კი ამგვარად 74.7% ფიქრობს.

პრეზენტაციის დამსწრეებმა კვლევის შედეგების გაცნობასთან ერთად, იმ ნაბიჯებზეც იმსჯელეს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით უნდა გადაიდგას. „კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად. მისი მიგნებები და მონაცემებზე დაფუძნებული მტკიცებულებები ამ ყოვლისმომცველი პრობლემის გადასაჭრელად საჭირო პოლიტიკისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით მუშაობას საქართველოში. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ჩატარება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”,- დასძინა ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ და პროგრამის მენეჯერმა, იურატე იუოდსნუკიტემ.

კვლევის ფარგლებში, საველე სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში წარიმართა და სულ თბილისში, სხვა ქალაქებსა და სოფლებში 3 300 ქალი და 1 104 კაცი გამოიკითხა. რაოდენობრივი კომპონენტი საქსტატთან თანამშრომლობით ჩატარდა, თვისებრივი კი —WeResearch-ის გუნდმა უზრუნველყო. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქსტატთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში განახორციელა. კვლევის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამა „ქალებისა და გოგოების ხმა მნიშვნელოვანია“.