ძალადობის მსხვერპლის გზა სიმულაციური თამაშით
თარიღი:
„სიტუაციის ასეთ განვითარებას არ ველოდი, დამთრგუნველი იყო მსხვერპლის როლში ყოფნა“, - ასე იხსენებს სკოლა „დავითიანის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ანა ასლანიშვილი სიმულაციურ თამაშში „იყავი მის ადგილას“ მონაწილეობას.
ანა ერთ-ერთია იმ 1463 ადამიანს შორის, რომლებიც 2021 წლის ივნისიდან ცნობილ როლურ თამაშში ჩაერთნენ და განსხვავებული განათლების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობისა და საჭიროებების მქონე ძალადობის მსხვერპლი ქალების გზა თავად გაიარეს. „იყავი მის ადგილას“ 8 სცენარისგან შედგება, თითოეულის დასაწყისი წინასწარაა ცნობილი, დასასრული კი მთლიანად მონაწილეებსა და მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ, პერსონაჟთან ერთად, გადიან გზას ძალადობისგან თავის დასაღწევად, ცდილობენ არაერთი წინააღმდეგობის გადალახვას, შესაბამისი სერვისებისა თუ მხარდაჭერის მიღებას, ყველა დეტალს საკუთარ თავზე განიცდიან, უფრო ემპათიურები ხდებიან და ნათლად ხედავენ, რომ ძალადობის დაძლევაში ყველას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
თამაში სრულდება დისკუსიით, რომლის დროსაც მონაწილეები ტრენერთან ერთად განიხილავენ თითოეულ სცენარს, ოპტიმალურ გამოსავალსა და ხერხებს მსხვერპლის მხარდასაჭერად. შედეგად, ისინი იღებენ ინფორმაციას ძალადობის ფორმების, მისი წამახალისებელი მავნე სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების, დისკრიმინაციისა და მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ოჯახისა და საზოგადოების როლის შესახებ.
„ჩემი გმირი გადარჩა, თუმცა სხვა სცენარების შემთხვევაში ფატალური შედეგებიც გვქონდა, რამაც ჩემზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედა. სიმულაციურ თამაშში მონაწილეობამ მიმახვედრა, რამდენად ეხმარება ის ადამიანებს, უკეთ გაითავისონ მსხვერპლების მდგომარეობა და მეტად მიიტანონ გულთან მათი გასაჭირი. „იყავი მის ადგილას“ ცნობიერების ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალებაა“, - ამბობს ანა ასლანიშვილი.
სიმულაციური თამაშის ინოვაციურ მეთოდს 2021-2023 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად, სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურად იყენებდა. აუდიტორია მრავალფეროვანი იყო: თამაშით ინტერესდებოდნენ საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, საბავშვო ბაღის მენეჯერები და აღმზრდელები, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პოლიციისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და მეწარმე ქალები, ახალგაზრდები და უფროსკლასელი მოსწავლეები. ჯამში „იყავი მის ადგილას“ ქვემო ქართლისა და გურიის 9 მუნიციპალიტეტში 82-ჯერ ჩატარდა. ინიციატივა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.
„იყავი მის ადგილას“ წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ქალებისა და გოგოების ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.