ფერმერთა სკოლა - ახალი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები ქალებისთვის

2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთი ბანკის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ.

თარიღი:

ვენერა ლიპარტია, ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
ვენერა ლიპარტია, ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

„ამაყი ვარ, რომ საკუთარი შემოსავალი კიდევ უფრო გავზარდე“,- ვენერა ლიპარტია, 56 წლის ფერმერი სენაკიდან

„41 წლის დავქვრივდი და 2 ბავშვით მარტო დავრჩი. დიასახლისი ვიყავი, პროფესიაც არ მქონდა, ამიტომ მატერიალურადაც ძალიან გამიჭირდა. რა არ ვცადე, უკვე შვილების დატოვებასა და ემიგრაციაში წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ მამა დამეხმარა: ძროხა მაჩუქა და მთხოვა, იმედი აღარასდროს დამეკარგა. მე და ბავშვები იმ ძროხით დაწყებულმა მერძევეობამ გადაგვარჩინა“, - იხსენებს ვენერა ლიპარტია.

რძის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა ვენერას ახალი სტიმული მისცა: ჯერ ფერმერთა სამთვიანი სწავლება გაიარა, მერე კი იგივე სპეციალობით ცოდნა ადგილობრივ კოლეჯში გაიღრმავა. მალე მან სენაკის ბაზარში ჭარბი რძისა და ყველის რეალიზაცია დაიწყო და მამის ნაჩუქარ ძროხას კიდევ ერთი დაუმატა.

„არ ვიცოდი, ბაზარში ყველი როგორ უნდა გამეყიდა, დაბნეული ვიყავი, ამიტომ ახლა ახალბედა მერძევეს თუ ვხედავ, სულ ჩემი თავი მახსენდება და აუცილებლად გვერდით ვიყენებ, ვამხნევებ ხოლმე“, - ამბობს ვენერა.

თუმცა, ვენერას უკვე მუდმივი მომხმარებლები ჰყავს და რძის ნაწარმსაც ადგილზე ყიდის. სენაკელი მერძევე 6 ძროხას უვლის და ჭყინტ ყველთან, სულგუნსა და ხაჭოსთან ერთად, იტალიურ კაჩოტასაც ამზადებს. ევროპული ყველის ტექნოლოგია ვენერამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტით ისწავლა. იგი სენაკის ფერმერთა სკოლის ლიდერია და კაჩოტასა და გრილზე შესაწვავი ყველის დამზადებასთან ერთად, უკვე ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო ცოდნასაც ფლობს.

„ტრენინგების მერე ყველაფერს ბიზნესის თვალით ვუყურებ. ამაყი ვარ, რომ საკუთარი შემოსავალი კიდევ უფრო გავზარდე. ქალების უფლებებზეც მეტი გავიგე: აქამდე სახლის საქმეები სულ მე მებარა ხოლმე, ახლა კი ჩემს ბიჭებს ვეუბნები, რომ ყველაფერში დამეხმარონ და შრომა გადავინაწილოთ.“, - ამბობს ვენერა.

სამომავლოდ სურს, რძის საწარმო და ფერმერთა სკოლა გახსნას, მოტივირებული ქალები შემოიკრიბოს და მიღებული გამოცდილება მათ გაუზიაროს.

ოლგა კიკავა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
ოლგა კიკავა. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

„ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ეკონომიკური აქტიურობა მათი უფლებაა“ ,- ოლგა კიკავა, 43 წლის ფერმერი სოფელ ნარაზენიდან

პროფესიით პედაგოგ ოლგა კიკავას დოქტორის ხარისხი და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება აქვს. ახლა ის ძირითადად არასამთავრობო სექტორში მუშაობს, თუმცა, პარალელურად, მერძევეობითაცაა დაკავებული.

ოლგამ მერძევეობა დაქორწინების შემდეგ დაიწყო. „ნარაზენში რომ გადმოვედი, 3 ძროხა დამხვდა. მაშინ საქონელს მამამთილი უვლიდა, მერე კი ეს საქმე მეუღლესთან ერთად გავაგრძელე. სოფელში ვერ წარმოედგინათ, რომ ძროხებს მოვწველიდი, მაგრამ ახლა უკვე 15-ზე მეტი გვყავს და ყველა ჩემი გაზრდილია“, - ამბობს ოლგა.

ოლგა ჭყინტ ყველსა და სულგუნზე შეკვეთებს წინასწარ იღებს და პროდუქტს სამეზობლოში ყიდის. თანაც, ფერმერთა სკოლაშია გაწევრიანებული. ტრენინგზე სიარული სხვა სოფელში უწევს, თუმცა ამბობს, რომ ცოდნა ამად ნამდვილად ღირს: „პირველივე შეხვედრიდან აღფრთოვანებული გამოვედი. აქ მაინც რძის პროდუქტების წარმოების ტრადიციულ გზას მივყვებოდით, პროფესიონალმა ტრენერმა კი თანამედროვე სტანდარტები აგვიხსნა და ყველის ახალი სახეობების დამზადება გვასწავლა“, - ჰყვება ოლგა.

ბიზნესის წარმოების შესახებ კურსმა ფერმერის დამოკიდებულებებიც შეცვალა: „მივხვდი, რომ უკეთესია, საქმიანობას სრულფასოვანი ბიზნესის სახე მივცე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც ითვალისწინებს. ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ეკონომიკური აქტიურობა მათი უფლებაა“, - ამბობს ოლგა.

მას შემდეგ, რაც ოლგა ფერმერთა სკოლის მონაწილე გახდა, საღამოობით, როცა სხვა ნარაზენელბთან ერთად საძოვრებიდან ძროხების დაბრუნებას ელის, თანასოფლელებს ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას უზიარებს. ახლა მისი მთავარი გეგმა რძის პროდუქტების დასამზადებელი ოთახის მოწყობაა - სივრცის, სადაც ყველაფერი ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.