ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: მარიამ ბეზარაშვილი
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: მარიამ ბეზარაშვილი

„21:00 საათის მერე გოგოსთვის გარეთ გასვლა აკრძალულია, ბიჭისთვის - დაშვებული, გოგო ხარ და ეს პროფესია არ შეგეფერება, მშობლების სახლი ბიჭისაა, კაცი უნდა იყოს შემომტანი, ქალმა კი ოჯახს მიხედოს“, - 16 წლის ლანა გოგუაძე იმ გენდერულ სტერეოტიპებს ასახელებს, რომლებსაც ის და მისი მეგობრები ყოველდღიურობაში აწყდებიან.

ლანა გურიის რეგიონში, სოფელ სუფსაში ცხოვრობს და დღეს ის ტყუპისცალთან, ანასთან ერთად ლანჩხუთში, გოგო სკაუტების შეკრებაზე ჩამოვიდა. აქ 25-მდე უფროსკლასელი ინტერაქციულ ტრენინგს ესწრება. გოგოები სექსუალურ შევიწროებასა და ბულინგს, ადრეულ და იძულებით ქორწინებას, ოჯახში ძალადობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ლანჩუთში მიმდინარე ტრენინგის მსგავს შეხვედრებს, საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია „დია“, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიის გარდა, ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისშიც მართავს. ინტერაქციული სწავლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალგაზრდების ჩართულობას, მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება./p>

ამ მიზნით, ტრენერად გადამზადდა 17 ლიდერი სკაუტი გოგო, ქართულად ითარგმნა და ადგილობრივ კონტექსტთან ადაპტირდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გოგო გიდებისა და სკაუტების მსოფლიო ასოციაციის ტრენინგების სახელმძღვანელო „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს აერთიანებს და ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისთვის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება.

ლანასა და ანასაც ტრენინგებისგან უპირველესად განათლების მიღება სურთ. „ერთხელ ძალადობის შემთხვევა ჩემს თანატოლს ჰქონდა. მახსოვს, რომ მიამბო, ისეთი შოკირებული ვიყავი, რამდენიმე სიტყვის თქმა ძლივს შევძელი. მაშინ არ ვიცოდი, რა მერჩია და ვერაფრით დავეხმარე. მინდა, ამ ტრენინგით თავადაც გავძლიერდე და სხვებსაც მხარი დავუჭირო“, - ჰყვება ანა.

დანარჩენი მონაწილეების მოტივაციაც ტყუპების მსგავსია: გოგოებს უნდათ, ძალადობაზე დროული და სწორი რეაგირება იცოდნენ და მერე ამ ცოდნით, საჭიროების შემთხვევაში, სხვა თანატოლებსაც დაეხმარონ. ამბობენ, იმასაც, რომ მათი თაობის როლი ძალადობისგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია.

„ახლა კიბერძალადობაა გავრცელებული. ვფიქრობ, გოგოებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ვისწავლოთ საკუთრი უფლებები და ვიცოდეთ ისიც, რა შეიძლება მოჰყვეს მათ დარღვევას“, - ამბობს დისკუსიისას ერთ-ერთი მონაწილე 16 წლის ლიზი მელუა. მისი მეგობარი, 17 წლის ლია როყვა კი ფიქრობს, რომ განათლებასთან ერთად, საჭიროა, ახალგაზრდებმა მეტი გამბედაობა გამოიჩინონ და დუმილით დანაშაულის თანამონაწილეები არ გახდნენ.

„ხშირად, ადამიანებმა იციან, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამბობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის. მერე კი, როცა იმავე ქალს კლავენ, წუხან. ასეთ დროს ძალიან ვბრაზდები: ხომ შეეძლოთ თავიდანვე რამე მოემოქმედებინათ? კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები ამ ბრძოლაში ინოვაციური იდეებით ჩავერთვებით“, - აღნიშნავს ლია.

გოგოები მაინც იმედიანად ასრულებენ. სჯერათ, რომ ცვლილებების ინიციატორები გახდებიან, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას შეძლებენ და სხვა ახალგაზრდებთან ერთად, თანასწორობის თაობად იქცევიან.

სკაუტები კი ტრენინგების ჩატარებას წლის ბოლომდე გააგრძელებენ. ინიციატივის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სწავლებას 400 გოგო და 200 ბიჭი გაივლის. ტრენინგები პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.