გაეროს ქალთა ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებებზე მუშაობას გააგრძელებს

თარიღი:

მაკო ხალვაში, ერთ-ერთი ქალი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტმა მხარდაჭერა აღმოუჩინა. ფოტო: მაკოს პირადი არქივი
მაკო ხალვაში, ერთ-ერთი ქალი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტმა მხარდაჭერა აღმოუჩინა. ფოტო: მაკოს პირადი არქივი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებები ქალთა გაძლიერების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ცალკემდგომ პროექტებს, ისე გენდერული თანასწორობის პროგრამებსა და ინიციატივებში შშმ ქალებისა და გოგოების საკითხების ინტეგრირებასა და მათი ინფორმირებული მონაწილეობის უზრუნველყოფას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა მიდგომას „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“ დაეფუძნოს.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 184,958 ადამიანს ჰქონდა ფუნქციურად შეზღუდული შესაძლებლობები (მოსახლეობის 5.0%). გლობალური ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც მეტ ქალს (5.6%) აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, ვიდრე კაცს (4.3%), თუმცა ქალები და გოგოები ოფიციალურ სტატუსს ნაკლებად ფლობენ. კაცებთან შედარებით, მათ ნაკლები შესაძლებლობები ეძლევათ განათლების, დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თვალსაზრისითაც.

გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის განხილვა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართული შეხვედრის მიზანს, რომელსაც შშმ ქალებისა და გოგოების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ესწრებოდნენ. შედეგებთან ერთად, მათ იმ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს, რომელთა გათვალისწინებაც გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისთვის სჭირდებათ.

პროგრამით გათვალისწინებული ინიციატივები არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ცოდნის გაძლიერება 200-მდე (მათ შორის, 100 შშმ პირი) ქალმა და 36-მა ორგანიზაციამ შეძლო, 109 000-მა შშმ ქალმა და გოგომ კი საკუთარი უფლებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ამასთან, პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტატისტიკური პუბლიკაციები, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მონაცემების ხელმისაწვდომობას და სასარგებლო რესურსებს წარმოადგენს შესაბამის თემატიკაზე მომუშავე უწყებებისთვის, შეიქმნა პოდკასტები და ისტორიები, რამაც მილიონამდე ადამიანს ხელი შეუწყო, მეტი გაეგო შშმ ქალებსა და გოგოებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტისთვის მომზადდა პირველი ალტერნატიული ანგარიში, რომელიც შშმ ქალებისა და გოგოების უფლებებს მიეძღვნა.

შედეგებზე საუბრისას ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელმა და პროგრამის პარტნიორმა, თამარ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი იქცა ფუნდამენტად, რომელზეც უფრო მასშტაბური ინკლუზიური ღონისძიებების დაშენებაა შესაძლებელი: „მან საშუალება მოგვცა, ნათლად დაგვენახა, თუ რა მოცემულობა გვაქვს დღეს, სინამდვილეში როგორ გვესმის და რამდენად გამოგვდის ინკლუზიური აქტივობები როგორც შშმ, ისე არა შშმ ქალ უფლებადამცველებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფლებადაცვით საქმიანობაში ქალთა და შშმ ქალთა კომპეტენციები გათანაბრდეს. სამომავლოდ ისეთი ერთობლივი პროგრამების მხარდაჭერაა საჭირო, რომლებშიც შშმ ქალებს თავად მიეცემათ მენტორობისა და რესურსებზე წვდომის მეტი შესაძლებლობა“, - განაცხადა თამარ მაჭარაშვილმა.

გაეროს ერთობლივ პროგრამას „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის დაფინანსებით, გაეროს ექვსი სააგენტო - გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებენ.