პოდკასტები შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა გაძლიერებისთვის

თარიღი:

მარიამ დარბაიძე. ფოტო: სალომე საღარაძე
მარიამ დარბაიძე. ფოტო: სალომე საღარაძე

23 წლის მარიამ დარბაიძე ახალბედა ვლოგერია. პროფესიით სოციოლოგს, Youtube-ზე საკუთარი არხი აქვს და ვლოგებს ძირითადად სმენის დაქვეითების შესახებ ამზადებს. თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ონლაინპლატფორმის შექმნა სწორედ ამ ფაქტორმა უბიძგა: „მინდოდა, ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა“, - ამბობს მარიამი, რომელმაც ერთი თვეა, სურვილი რეალობად აქცია.

ვლოგერობას წინ პოდკასტების მომზადება უძღოდა. მარიამი ერთ-ერთია იმ 5 ავტორს შორის, რომლებმაც გასულ წელს პოპულარული მედიაპლატფორმის, „ფემინისტრიმისთვის“ პოდკასტების სერია „გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობები“ მოამზადეს. პროექტს ქალთა ფონდი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებდა.

„სმენადაქვეითებულზე უკეთ ეს თემა არავინ იცის - არც მშობელმა, არც სხვა დაახლოებულმა პირმა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ამ საკითხზე თავად სმენადაქვეითებულს ესაუბრა, სათქმელშიც თავისუფალი ყოფილიყო. განაცხადი ამიტომაც შევიტანე. ვფიქრობ, პოდკასტებმა შშმ ქალების პრობლემების აქტუალიზაციას ხელი მართლაც შეუწყო“, - აღნიშნავს მარიამი.

პოდკასტების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მათი უშუალო მონაწილეობით წარმოეჩინა, შეექმნა სადისკუსიო სივრცე, აემაღლებინა ცნობიერება, გაეძლიერებინა ისინი, გაეზარდა შშმ ქალების ხილვადობა, ხელი შეეწყო მათი და ქალთა უფლებადამცველების დაახლოებისთვის, სოლიდარობისა და ინკლუზიურობისთვის. აღსანიშნავია, რომ პოდკასტების 5 ავტორს შორის 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო.

პოდკასტების ავტორებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემები მიმოიხილეს, როგორებიცაა შშმ ქალების ქონებრივი უფლებები, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, შშმ ქალები და დედობა, სექსუალური ძალადობა, სოციალური მოდელის მნიშვნელობა შშმ ქალებისთვის და ა.შ. სულ ინიციატივის ფარგლებში 16 პოდკასტი მომზადდა და ისინი 125,2 ათასამდე ადამიანმა ნახა.

აღსანიშნავია, რომ ავტორებმა მასალების მომზადებამდე სპეციალური ტრენინგები გაიარეს და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიაპლატფორმის, პოდკასტის სპეციფიკას გაეცნენ: შეისწავლეს, როგორ ჩაწერონ და დაამონტაჟონ აუდიოფაილები, დაესწრნენ მეტყველების გაკვეთილებს, მიიღეს ინდივიდუალური რეკომენდაციები და რჩევები. მარიამი საკუთარი ვლოგისთვის სწორედ ტრენინგებზე მიღებულ გამოცდილებას იყენებს. „ხმის მონტაჟი ვისწავლე, მანამდე ამ პროგრამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ძალიან გამომადგა მეტყველების გაკვეთილებიც. უკვე ვიცი, დამოუკიდებლად როგორ ვივარჯიშო. ახლა კი მინდა, ეს სავარჯიშოები გადავიღო, ვლოგზეც განვათავსო და „ფემინისტრიმში“ მიღებული გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო“, - აღნიშნავს ის.

პოდკასტების სერია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში, ქალთა ფონდის საქართველოში მიერ. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარიატთან პარტნიორობით და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით.