პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისთვის

თარიღი:

მაკო ხალვაში. ფოტო: მაკოს პირადი არქივი
მაკო ხალვაში. ფოტო: მაკოს პირადი არქივი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ნაწილს წარმოადგენენ. მათი საჭიროებები და პრობლემები ხშირად თავად ქალთა უფლებების დაცვის მიღმაც რჩება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ამ თემაზე მუშაობისას სხვადასხვა შესაძლებლობას, მათ შორის მედიაპლატფორმებთან თანამშრომლობას იყენებს, რადგან შშმ ქალებისა და გოგოების საკითხების სიღრმისეული გაშუქება მათი უფლებების ადვოკატირებასა და საზოგადოებაში არსებული სტიგმების ცვლილებას ეხმარება.

ამგვარი თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ წელს პოპულარულმა ინტერნეტპლატფორმამ „ქალები საქართველოდან“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შშმ ქალებისა და გოგოების შესახებ ახალი რუბრიკა წამოიწყო. იგი მიზნად ისახავდა, პირველ პირში მოყოლილი ისტორიებით წარმოეჩინა მათი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაეზარდა ცნობიერების დონე შშმ ქალებისა და გოგოების უფლებებისა და ჯვარედინი დისკრიმინაციის იმ შესახებ, რომლებსაც ისინი სქესისა და შეზღუდული შესაძლებლობის გამო აწყდებიან. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის შედეგად უკვე გადაიდგა ის პატარა ნაბიჯები, რომლებიც დიდი ცვლილებებისთვისაა ხოლმე საჭირო.

რუბრიკის პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი ბათუმელი მაკო ხალვაში იყო. 27 წლის მაკომ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მას მცირემხედველობის გამო ექმნება და საუბრისას ძვირადღირებული დამხმარე აპარატი - „სისიტივი“ ახსენა. ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ მაკომ ერთ-ერთი მკითხველისგან მოულოდნელად საჩუქრად სწორედ ეს აპარატი მიიღო. ამ პატარა ნაბიჯმა მაკოს ცხოვრება უკვე შეცვალა: „სისიტივით“ დანახული სამყარო გაცილებით უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და კარგია. მან ბევრი ისეთი შესაძლებლობა გამიჩინა, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლობლების დახმარებით ვახერხებდი, ახლა კი უკვე დამოუკიდებლადაც შემიძლია. დამოუკიდებლობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ეს ჯადოსნური აპარატი კი ზუსტად ამის საშუალებას მაძლევს“, - ამბობს მაკო.

ნუკა გვიჩიანი. ფოტო: ლიბერთი
ნუკა გვიჭიანი. ფოტო: ლიბერთი

მაკოს მსგავსად რუბრიკამ სასიკეთო ცვლილებები სხვა პერსონაჟების ცხოვრებაშიც შეიტანა. მაგალითად, 43 წლის ნუკა გვიჭიანის ყოველდღიურობაში. ნუკა ჰყვებოდა, რომ ლეპტოპის არქონის გამო დისტანციურად მუშაობას ვერ ახერხებდა. მისი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა „ლიბერთიმ“ ნუკა ნოუთბუქით დაასაჩუქრა. 37 წლის თამარსა და მის შვილს კი ფეისბუქის მომხმარებლები დაეხმარნენ: თანხა შეუგროვეს და უკეთესი საცხოვრებლით უზრუნველყვეს. „მკითხველებმა განსაკუთრებული ემპათიის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის მაგალითები გვაჩვენეს, რამაც ზოგიერთი ქალის ცხოვრება, პირდაპირი მნიშვნელობით, უკეთესობისკენ შეცვალა“, - ამბობს პროექტის „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთი ავტორი იდა ბახტურიძე.

სულ ინიციატივამ 15 შშმ ქალისა და გოგოს ისტორია გააერთიანა. მათ შორის იყვნენ განსხვავებული ასაკისა და საჭიროების გმირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც პროფესიული განვითარების, დასაქმების, ძალადობის და სხვა გამოწვევების შესახებ ჰყვებოდნენ. „ამ ისტორიებით საზოგადოების ინფრომირებულობაც გაიზარდა და მგრძნობელობაც. შშმ ქალებისთვისაც ეს პროექტი იყო შესაძლებლობა, უფრო თავდაჯერებულად ესაუბრათ საკუთარ პრობლემებზე და იმ ინსტიტუციებისთვის მიემართათ, რომლებსაც მათი პირობების გაუმჯობესებაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ, ამ ქალების ჩართვა ადვოკატირების პროექტებშიც მოხდება“, - აღნიშნავს მაიკო ჩიტაია, რომელიც ისტორიების შექმნაზე ასევე მუშაობდა.

37 წლის თამარი შვილთან ერთად. ფოტო: გედა დარჩია
37 წლის თამარი შვილთან ერთად. ფოტო: გედა დარჩია

კიდევ ერთი ავტორი ნინო გამისონია კი ყურადღებას იმ გავლენაზე ამახვილებს, რომელიც პროექტმა თავად მასზეც იქონია: „როცა ამდენი ადამიანის ცხოვრებას კითხულობ, ბევრი რამ იცვლება. მეც, თითქოს გათვითცნობიერებული რომ ვარ, იმდენი ახალი დეტალი გავიგე ამ ქალების ცხოვრებასა და იმ წინააღმდეგობებზე, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, რომ ერთი-ორად გაიზარდა ჩემი ცნობიერება“, - ამბობს ის.

პროექტთან „ქალები საქართველოდან“ თანამშრომლობა და შშმ ქალებისა და გოგოების შესახებ ისტორიების შექმნა განხორციელდა მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის -„სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს სააგენტოებთან - გაეროს ბავშვთა ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარიატთან პარტნიორობით ახორციელებს.