სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ჰუმანიტარულ პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობაზე ცოდნა გაიღრმავეს

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შშმ), განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები, ჰუმანიტარული კრიზისის დროს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული მზაობა და რეაგირება ინკლუზიური იყოს, შშმ ქალები და გოგოები კი ჰუმანიტარული პროგრამის ციკლის ყველა ეტაპში იყვნენ ჩართულები.

ამ მიზანს ემსახურებოდა უნარების გაძლიერების ორდღიანი ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ჰუმანიტარულ პროცესებში ჩართულობაზე“, რომელიც 22-23 ივნისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამართა. ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, შშმ ქალებისა და გოგოების ჰუმანიტარულ პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით, არსებული მსოფლიო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა. ამას გარდა, ინიციატივა მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ჰუმანიტარულ სფეროში ინკლუზიის საკითხების ადვოკატირებისთვის საერთო მიდგომების იდენტიფიცირებას.

„ამ ტრენინგის მეშვეობით მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოში შშმ ქალებისა და გოგოების ჰუმანიტარულ რეაგირებაში ჩართულობის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება ვაწარმოოთ“,- აღნიშნა საქართველოში შშმ ქალთა ეროვნული ქსელის ხელმძღვანელმა და ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ მაჭარაშვილმა.

საგულისხმოა, რომ გაეროსა თუ სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ უკრაინელ ლტოლვილთა საჭიროებების აღრიცხვის მიიუხედავად, ამ ეტაპზე ჩაშლილი მონაცემები არ გროვდება , რაც უკრაინელი შშმ ლტოლვილების საჭიროებების სრული სურათის დანახვას ართულებს. საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD), თუმცა უკრაინელ ლტოლვილთა კრიზისზე საქართველოს რეაგირება ინკლუზიური არ იყო. უნარების გაძლიერების ტრენინგიც სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩატარდა.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და დაფინანსებულია „გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“ (UNPRPD) მიერ.