ჩემი გადმოსახედიდან: შშმ ქალებსა და გოგოებს უნდა შევხედოთ, როგორც უფლებადამცველთა პროფესიულ თემსა და რესურსს”
75 წლის მადონა ხარებავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეას“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. 1998 წლიდან ის მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს. მადონა ხარებავა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.
თარიღი:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, განსაკუთრებით ქალებმა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და დავიცვათ ისინი - ეს იყო ის ძირითადი მოტივაცია, რომლის გამოც 1998 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“ დავაარსე.
ამ პერიოდიდან არა მარტო შშმ ქალებისა და გოგოების, არამედ მთლიანად თემის გაძლიერებისთვის არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივაში ვმონაწილეობდი. მათ შორის იყო სახალხო დამცველის აპარატში შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის გახსნა, რომელიც მოგვიანებით დეპარტამენტად გადაკეთდა, ინკლუზიური სასწავლო გარემოს მონიტორინგის ინდიკატორების შემუშავება, თემატური პუბლიკაციებისა და სახელმძღვანელოების გამოცემა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიყავი გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმ სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელმაც შშმ ქალები და გოგოები ცალკე მუხლად პირველად გამოყო.
ვფიქრობ, უთანასწორობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, მიდგომა - არაფერი ჩვენ გარეშე - ყველა სფეროზე გავრცელდეს, შშმ პირებისა თუ სხვა დაუცველი ჯგუფებს განსხვავებულობა თითოეულ ინიციატივაზე აისახოს და მათ თანაბრად შეძლონ ამ ინიციატივებში ჩართვა, განსაკუთრებით კი შშმ ქალებმა და გოგოებმა.
შშმ ქალებსა და გოგოებს უნდა შევხედოთ, როგორც უფლებადამცველთა პროფესიულ თემსა და რესურსს, მათი აქტიურობის, პოლიტიკის შექმნასა და მონიტორინგში ჩართულობის გარეშე უთანასწორობის შემცირება შეუძლებელი იქნება”.
ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. მადონა ხარებავას საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-10 მიზნის მიღწევაში, რომელიც შემცირებულ უთანასწორობას გულისხმობს.