პრესრელიზი: გაეროს ქალთა ორგანიზაციის გზავნილი ქალთა საერთაშორისო დღისადმი: „გაითავისე თანასწორობა, აშენე ჭკვიანურად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის“

თარიღი:

ქალებისა და გოგოების მხარდაჭერის მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ჯგუფი ყურადღებას სახელმწიფო სერვისებზე, შემოსავლების სტაბილურობაზე, უსაფრთხო სივრცეებსა და ტექნოლოგიებზე ამახვილებს.

ქალთა საერთაშორისო დღე
Caption Text

(ნიუ-იორკი, 30 იანვარი) - ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი თემაა „გაითავისე თანასწორობა, აშენე ჭკვიანურად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის“. ამ თემის ფარგლებში, ის მთელ მსოფლიოში ასობით ღონისძიებას უმასპინძლებს. ოფიციალური სადღესასწაულო ღონისძიება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაშიც გაიმართება, რომელზეც სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პუმზილე მლამბო-ნქგუკა და გაეროს სხვა ოფიციალური პირები, ასევე, ინოვაციის ლიდერები და გენდერის ექსპერტები გამოვლენ.

„როცა დაგეგმვის პროცესში ინოვაციური, „თანასწორობის გათავისებაზე“ მიმართული იმგვარი მიდგომებით ვაზროვნებთ, რომლებიც ქალებისა და გოგოების საჭიროებებს დასაწყისიდანვე ითვალისწინებს, გეგმები მართლაც სულ სხვაგვარი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ურბანული დაგეგმარება, სადაც გათვალისწინებულია სამსახურში მიმავალი ადამიანების უსაფრთხოება, ან სოფლებში დღის ცენტრების გახსნა, რომლებიც დასაქმებულებს ბავშვების მოვლას უადვილებს. ასევე, ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის საიდენტიფიკაციო ბარათები ოფიციალური სარეგისტრაციო დოკუმენტების ნაცვლად, რომლებიც ბევრ ქალს შეიძლება არც კი ჰქონდეს, ან ჰქონდეს, მაგრამ მათ თავად ვერ აკონტროლებდეს“, - აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პუმზილე მლამბო-ნქგუკამ. „მოვუწოდებთ დარგის ლიდერებს, ცვლილების განმახორციელებელ სტარტაპებს, სოციალურ მეწარმეებს, გენდერული თანასწორობის აქტივისტებსა და ქალ ინოვატორებს, მოიძიონ გზები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბარიერების დაძლევა და გენდერული თანასწორობისთვის პროგრესის დაჩქარება“,- განაცხადა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 740 მილიონი ქალი ამჟამად არაფორმალურ ეკონომიკაშია დასაქმებული და მათ შეზღუდულად მიუწვდებათ ხელი სოციალურ დაცვაზე, სახელმწიფო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე. ამის გამო, ქალების პროდუქტიულობა შემცირებულია, შემოსავლები კი სტაბილური არ არის. მაგალითად, ქალები 2.6-ჯერ მეტ არაანაზღაურებად მზრუნველობით სამუშაოსა და საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე კაცები. ამასთან, მსოფლიოში ჩვილი ბავშვების დედების მხოლოდ 41% იღებს დახმარებას. სავარაუდოდ, 3-დან 1 ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ძალადობას, თუმცა სახელმწიფო სერვისები, ურბანული დაგეგმარება და სატრანსპორტო სისტემები იშვიათად იგეგმება ქალების უსაფრთხოებისა და გადაადგილების შესაძლებლობების გათვალისწინებით. შესაბამისად, წელს მთავარი ყურადღება ინოვაციების წარმოჩენას, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის მათ გამოყენებას ექცევა.

„როგორც ახლანდელი ტენდენციები აჩვენებს, არსებული ინტერვენციები პლანეტა 50-50-ისა და 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის საკმარისი არ არის. შესაბამისად, „გაეროს გზამკვლევი 2030 წელს მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად“ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს, ინტეგრირებულ მიდგომებსა და ახალ გადაწყვეტებს მოითხოვს. ეს რეალობაა, განსაკუთრებით კი მდგრადი განვითარების მე-5 მიზანთან მიმართებაში, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერებას გულისხმობს, - აღნიშნა მლამბო-ნქგუკამ.

ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნისთანავე, 11-12 მარტს ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესია გაიმართება, რომელიც ფოკუსირებულია „სოციალური დაცვის სისტემებზე, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობასა და მდგრად ინფრასტრუქტურაზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის“.

  • ვებგვერდი: 2019 წელს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:https://www.unwomen.org/en/news/stories/2018/10/announcer-iwd-2019-theme
  • სოციალური მედია: შემოგვიერთდით ტვიტერზე ჰეშტეგით #WomensDay და გამოგვყევით: @UN_Women.
  • მასმედია: ნიუ იორკში 2019 წლის ქალთა საერთაშორისო დღის გაშუქებისთვის მასმედიისთვის საჭიროა გაეროს პრესის აკრედიტაცია. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.un.org/en/media/accreditation/