გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური ანგარიშის “ვაქციოთ დაპირებები ქმედებად: გენდერული თანასწორობა დღის წესრიგში მდგრადი განვითარებისთვის - 2030” პრეზენტაცია
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა გლობალური ანგარიშის “ვაქციოთ დაპირებები ქმედებად: გენდერული თანასწორობა დღის წესრიგში მდგრადი განვითარებისთვის - 2030” პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში წარმოდგენილი მდგრადი განვითარების 17 მიზნის გენდერული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოისმინეს.
ანგარიშის წარდგენისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევისა და მონაცემების განყოფილების თანამშრომელმა იესამინ ენკარნასიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანგარიშის მიგნებების მიხედვით, მსოფლიოში 4.4 მილიონით მეტი ღატაკი ქალია (ანუ დღეში 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებ თანხად ცხოვრობს). თანაც, ქალებისა და გოგოების ცხოვრებაში ბევრი უკანდამხევი ფაქტორია. მაგალითად, ღარიბ ოჯახში დაბადებული გოგოს შემთხვევაში, ალბათობა, რომ ის ადრე დაქორწინდეს, განათლება ვერ დაასრულოს და ოჯახში ძალადობა განიცადოს, მეტია. 2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგისთვის ყველა ეს პრობლემა - სიღარიბის დაძლევა, ნაადრევი ქორწინების შემცირება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა პრიორიტეტულია. შესაბამისად, ანგარიში მკაფიოდ წარმოაჩენს, თუ რატომ წარმოადგენენ ქალები და გოგოები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანეს სამიზნე ჯგუფს როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეებზე.
„საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური ანგარიშის აქცენტი შემდეგ საჭიროებაზე: არ დავკმაყოფილდეთ ეროვნული დონის საშუალო მაჩვენებლებით და გამოვავლინოთ ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც ქალებსა და გოგოებს შორის ქვეყნის შიგნით არსებობს. ქალთა მდგომარეობა დრამატულად განსხვავდება მათი შემოსავლის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,“ - განაცხადა თავის შესავალ სიტყვაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.
პოლიტიკის ფორმირების პროცესში გენდერული სტატისტიკისა და ანალიზის აუცილებლობაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემაც ისაუბრა. „მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებისა და სამიზნეების საქართველოს კონტექსტთან მორგების პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა განხორციელდა და იგეგმება. გენდერის კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2017 წელს განვახორციელეთ. შედეგად, შეგვიძლია ამ მძიმე პრობლემის მრავალი ასპექტი დავინახოთ და დროთა განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ტენდენცია შევაფასოთ, რაც პირდაპირ კავშირშია ამ სფეროში გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობის საკითხებთან“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.