ჩემი გადმოსახედიდან: „ქალები ეკოსისტემების დაცვაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ“

46 წლის ხათუნა ქაცარავა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსია. პარალელურად, ის კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს უძღვება და, როგორც პარკის მეგობართა ასოციაციის დამფუძნებელი, არაერთ ეკოსაგანმანათლებლო პროექტსაც ახორციელებს. ხათუნა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.

თარიღი:

ხათუნა ქაცარავა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ხათუნა ქაცარავა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„საპორტო ქალაქში ცხოვრება ნიშნავს, რომ გარემოს პრობლემებს განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობ. ყოველთვის მინდოდა, ისეთი სამსახური მქონოდა, რომელიც დამეხმარებოდა, საკუთარი წვლილი შემეტანა გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში. საბედნიეროდ, ეს შესაძლებლობა 16 წლის წინ მომეცა.

კოლხეთის ეროვნული პარკი ეკოსისტემების მრავალგვარობით გამორჩეული, უნიკალური ადგილია. მცირე არეალში განთავსებული ლანდშაფტური მოზაიკა გლობალური მასშტაბითაც განსაკუთრებულია, რასაც იუნესკოს მიერ მისი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად აღიარებაც მოწმობს. ამავდროულად, კოლხეთის მსგავსი ჭარბტენიანი ტერიტორიები კი ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ეკოსისტემადაა მიჩნეული და მის დასაცავად უდიდესი შრომაა საჭირო. ძალიან რთული მისია მაქვს და ვცდილობ, მას ღირსეულად ვემსახურო.

ვიზიტორთა ცენტრსაც ვხელმძღვანელობ. მას შემდეგ კი, რაც პარკის მეგობართა ასოციაცია დავაფუძნეთ, სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო პროექტსაც ვახორციელებ. პროფესიით ეკონომისტი და უცხო ენების სპეციალისტი ვარ. მასწავლებლობა დამეხმარა, ისეთი ინიციატივები დამეგეგმა, რომლებიც ბავშვებს ეკომეგობრულ ჩვევებს გამოუმუშავებდა. მინდა, ინფორმაცია საქართველოს მდიდარი ბუნებრივი მემკვიდრეობისა და საგანძურის შესახებ ბევრ ახალგაზრდას გადავცე. მჯერა, ეს მომავალ თაობებს ეხმარება, საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა ენთუზიაზმით განაგრძონ. სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნული პარკით არაერთი ახალგაზრდა დაინტერესდა, ბევრმა მათგანმა კი საკუთარი პროფესიაც უკვე გარემოს დაცვას დაუკავშირა, რაც ძალიან მახარებს.

საქართველოში ქალები ეკოსისტემების დაცვაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ. დაცული ტერიტორიების იდეა ჯერ კიდევ XII საუკუნეში, თამარ მეფის დროინდელ წყაროებში გვხვდება. ზოგადადაც, ქალები განსაკუთრებით აკვირდებიან იმ შედეგს, რაც შეიძლება დღეს გადადგმულმა თუნდაც მცირე ნაბიჯმა სამომავლოდ მოიტანოს. ეს კი ეკოსისტემების მდგრადი დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.


მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. ხათუნა ქაცარავას საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის მიღწევაში, რომელიც ხმელეთის ეკოსისტემის დაცვას, აღდგენასა და ხელშეწყობას, ტყის მდგრად მართვას, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებასა და აღდგენა-გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შეჩერებას გულისხმობს.