გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღე კერძო სექტორთან ერთად აღნიშნა

თარიღი:

კერძო სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ბიზნესმა აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორობის შემცირებაზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
კერძო სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ბიზნესმა აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორობის შემცირებაზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ზრუნვის შრომა თითოეული ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. დროს, რომელსაც ქალები და კაცები ამ ტიპის შრომაზე ხარჯავენ, სოციალური და ეკონომიკური ღირებულება აქვს, თუმცა ის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. საგულისხმოა, რომ გლობალურად ქალები აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომას დღეში 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. კიდევ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი საქართველოში, სადაც აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომაზე ქალები, კაცებთან შედარებით, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. ამგვარი არათანაბარი გადანაწილების გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ განათლების მიღების შემდეგ კარიერის დაწყებას, ანაზღაურებადი სამსახურის შენარჩუნებას, წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. შესაბამისად, იზრდება ქალების დროითი სიღარიბე და მცირდება მათ მიერ ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი, რაც არა მარტო გენდერულ თანასწორობას, არამედ ქვეყნის მდგრად განვითარებასაც აფერხებს.

უთანასწორობის აღმოფხვრაზე მუშაობა უპირველესად ზრუნვის შრომის მნიშვნელობის აღიარებითა და შეფასებით იწყება. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებთან ერთად, სამუშაო შეხვედრით აღნიშნა.

ღონისძიებას 40-ზე მეტი ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეები გაეცნენ მონაცემებს, თუ რამდენად დიდ დროს ხარჯავენ ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე და რა გავლენას ახდენს ეს უთანასწორობა არა მარტო მათ ცხოვრებაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ-საზოგადოებრივ განვითარებაზე. ამას გარდა, დამსწრეებმა იმსჯელეს, თუ რა როლის შესრულება შეუძლია კერძო სექტორს პრობლემის მოგვარებაში, რა ბენეფიტებით სარგებლობენ დღესდღეობით დასაქმებული მშობლები და როგორ ანაზღაურდება მშობლის შვებულება. შეხვედრაზე აღინიშნა რომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, ქვეყანაში აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომაზე, რომლის 84%-საც ქალები ასრულებენ, ყოველწლიურად 2.9 მილიარდი საათი იხარჯება, რაც თითქმის მილიონ-ნახევარ სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანის დატვირთვასა და მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ს უდრის.

“შეხვედრები, რომლებზეც ვმსჯელობთ, თუ რა გავლენას ახდენს ზრუნვის შრომა დასაქმებაზე და როგორ შეგვიძლია ბიზნესებმა ვიმუშაოთ მეტად თანასწორუფლებიანი გარემოს შესაქმნელად, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მოვისმინეთ საინტერესო მიგნებები, თუ რა გამოწვევებსა და ბარიერებს აწყდებიან ქალები დასაქმების ბაზარზე და როგორია მათი ჩართულობის მაჩვენებელი ეკონომიკურ საქმიანობაში. ქალთა გაძლიერება “თეგეტასთვის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება, დავფიქრდეთ არსებულ გამოწვევებზე და მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაზე”, - აღნიშნა “თეგეტა ჰოლდინგის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, მარიამ ჯაფარიძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად ზრუნვის შრომაში ინვესტირებას ეკონომიკის განვითარება, ქალთა სიღარიბის შემცირება და 2035 წლისთვის 300 მილიონამდე სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ამას გარდა, ზრუნვის სისტემების ტრანსფორმაცია ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია გენდერული თანასწორობის მიღწევის, პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის რეალიზებისთვისაც. წელს ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღის მთავარ თემასაც „ზრუნვის სისტემების ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა პეკინი+30-ის კონტექსტში“ წარმოადგენდა.

ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღინიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.