ქალები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ერთვებიან და რეალურ ცვლილებებს აღწევენ

თარიღი:

ადგილობრივი ქალების დახმარებით, სოფელ სვირში წყლის ახალი მილები ჩაიყარა და მთელი დასახლება დაიქსელა. ფოტო: თამუნა შუბითიძე
ადგილობრივი ქალების დახმარებით, სოფელ სვირში წყლის ახალი მილები ჩაიყარა და მთელი დასახლება დაიქსელა. ფოტო: თამუნა შუბითიძე

წყალი კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათით - ეს რთული რეალობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირისთვის წლების განმავლობაში ჩვეული ყოველდღიურობა იყო. აქაური ქალები იძულებულები იყვნენ, წყლის ისედაც მცირე რესურსი იმგვარად დაეგროვებინათ, რომ სასმელადაც ყოფნოდათ და საოჯახო საქმეებისთვისაც. ცხადია, ეს მარაგი საკმარისი არ იყო, ამიტომ მათ კილომეტრამდე მანძილის გავლა და წყლის მოზიდვა მძიმე ჭურჭლით უწევდათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ ტასოს ინიციატივით სვირში სათემო მობილიზაციის კომპონენტის განხორციელება შარშან დაიწყო და თვითდახმარების ჯგუფი „მესხეთი“ ჩამოყალიბდა. მისმა წევრებმა მთავარ მიზნად მაშინვე წყლის პრობლემის მოგვარება დაისახეს. იგივე საჭიროება მოსახლეობის გამოკითხვამაც დაადასტურა, ამიტომ საკითხი ქალებმა ადგილობრივ მთავრობას მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველივე შეხვედრაზე წარუდგინეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფონდ ტასოსთან თანამშრომლობით, სოციალური მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ისინი ადგილობრივი პრიორიტეტების დადგენასა და ბიუჯეტის დაგეგმავში მუდმივად იყვნენ ჩართულები. შედეგად, ქალების თვითდახმარების ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ, თვითმმართველობამდე უშუალოდ მიაქვთ ის საჭიროებები, რომლებიც მათ ირგვლივ მცხოვრებ ქალებს აქვთ. კომუნიკაციის ეფექტიან საშუალებად ისინი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს იყენებენ. შემდეგ კი ბიუჯეტის პრიორიტეტების რეალობად ქცევაშიც მონაწილეობენ. ასე მოხდა სვირის შემთხვევაშიც.

ჯგუფ „მესხეთის“ ლიდერი და ფონდ ტასოს სათემო მუშაკი თამუნა შუბითიძე იხსენებს, რომ ქალების ასეთმა ჩართულობამ შედეგი მალევე გამოიღო: სოფელში ახალი მილები ჩაიყარა, მთელი დასახლება დაიქსელა და ახლა 300-მდე ოჯახში წყალი უკვე 24 საათის განმავლობაში მოდის. აღსანიშნავია, რომ ეს ქალების ერთადერთი მიღწევა არ არის. მათი მონაწილეობით შიდა გზები შეკეთდა, საბავშვო ბაღის არსებული შენობა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა და ბიბლიოთეკაც გაიხსნა.

„რომ ვიკრიბებოდით, ან შეხვედრებზე დავდიოდით, გვეუბნებოდნენ ხოლმე, სახლებში საქმე არ გაქვთო? მაგრამ თანდათან დაინტერესება გაჩნდა. თებერვალში, უკვე თვითდახმარების მეორე ჯგუფი „სამცხეც“ შეიქმნა, რომელშიც ასევე 8 ქალია გაწევრიანებული. ახლა ჩვენი პრიორიტეტი გარე განათების მოწესრიგება და მინის სტადიონის მოწყობაა“, - ჰყვება თამუნა შუბითიძე.

წყლის ჭაბურღილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში. ფოტო: ნინო გველესიანი
წყლის ჭაბურღილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში. ფოტო: ნინო გველესიანი

სვირის მსგავსად, სასმელი წყლის არქონა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების ცხოვრებას სხვა რეგიონებშიც ართულებს. მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვას ვირუსზე რეაგირებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. ასე იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროშიც, სადაც ადგილობრივებს წყალი 40 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ. ფონდ ტასოს სათემო მუშაკი ნინო გველესიანი, რომელიც ემიგრაციიდან 2018 წელს დაბრუნდა, სათემო მობილიზაციაში აქტიურად ჩაერთო და შარშან თვითდახმარების ჯგუფი „იასამანიც“ ჩამოყალიბა. შემდეგ კი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტში წყლის საჭიროების გათვალისწინება სთხოვა. ქალების აქტიურობითა და სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, პირველი ნაბიჯები მალევე გადაიდგა. სოფლის ნაწილმა წყალი უკვე მიიღო, ნაწილი კი გაზაფხულისთვის ელოდება.

„წარმოიდგინეთ, სტუმრად მისვლა გვერიდებოდა, წვიმის წყალს აგროვებდა ხალხი. ჭები კი ჰქონდათ ოჯახებს, მაგრამ ზაფხულში ისინიც შრებოდა და მდგომარეობა გაუსაძლისი ხდებოდა. ჭაბურღილი რომ გაიჭრა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, თქვენ რომ არა, არაფერი შეიცვლებოდაო. მაქსიმალურად ვცდილობთ, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებით თვითმმართველობამდე მნიშვნელოვანი საკითხები მივიტანოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ შედეგი მივიღოთ“, - ამბობს ნინო.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შედგენაში ადგილობრივი ქალების ჩართულობა და სათემო მობილიზაციის კომპონენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორი პროექტის - „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ და „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. ისინი ნორვეგიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და სლოვაკეთის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება.

სულ პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფაგრლებში 2019-2020 წლებში 12 შეხვედრა გაიმართა, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფაგრლებში კი - 17. ორივე პროექტის დახმარებითა და ქალების აქტიურობით 47 პრობლემა გადაიჭრა, ნაწილზე მუშაობა კი ამჟამადაც გრძელდება.