საქართველომ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ინსტიტუციონალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფური დავალების შესრულებისას. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფური დავალების შესრულებისას. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველომ საჯარო ფინანსების მართვასა და საბიუჯეტო პროცესებში გენდერული ასპექტების გათვალისწინების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2024 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, ქვეყანამ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, რაც, ამავდროულად, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების 5.c.1 ინდიკატორის შესრულებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების გენდერულ თანასწორობასთან კავშირების იდენტიფიცირებისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის მეთოდოლოგია” შეიმუშავა და დანერგა. ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სიახლე სახელმწიფო უწყებებს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სახელმწიფო ბიუჯეტის იდენტიფიცირებაში, კლასიფიცირებასა და მონიტორინგში ეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგები ჩაატარა, რომელთა მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქცენტი მეთოდოლოგიაზე გაკეთდა. ტრენინგებში მონაწილეობა 5 სამთავრობო უწყების 204-მა საჯარო მოხელემ მიიღო. მათ შორის იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. პრაქტიკული დავალებებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით, მონაწილეებმა ინკლუზიური და სამართლიანი ბიუჯეტების შედგენის უნარ-ჩვევები შეიძინეს.

ამ ძალისხმევის შედეგად, 2025 წლის საბიუჯეტო წინადადებების წარდგენისას 19 პროგრამა და 18 ქვეპროგრამა გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვნად შეფასდა. ეს კი საქართველოს ეროვნულ საბიუჯეტო პროცესში გენდერული საკითხების ინტეგრირების უზრუნველსაყოფისთვის ხელშესახები ნაბიჯია.

ინიციატივის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (PEFA GRPFM) შეფასება, რომელიც 2022 წელს ფინანსთა სამინისტრომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩაატარა. შეფასებამ საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში არსებული ხარვეზები გამოავლინა და საბიუჯეტო პროცესებში გენდერული ასპექტების გათვალისწინებისთვის საფუძველიც შექმნა.

“ინიციატივა საბიუჯეტო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების გენდერულ თანასწორობასთან კავშირის იდენტიფიცირებისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის მეთოდოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინებას ბიუჯეტის დაგეგვისას", - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია გულუამ.

რეფორმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს. საბიუჯეტო პროცესებში გენდერული ასპექტების გათვალისწინების კუთხით საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერებით, ინიციატივა ხელს უწყობს ქვეყანაში უფრო ინკლუზიური და სამართლიანი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ინიციატივები განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო და, ასევე, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.