„ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პუბლიკაცია გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებისა და სოციალური მობილიზაციის შედეგებს წარმოაჩენს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალციხეში პუბლიკაცია “ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს” წარადგინა. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალციხეში პუბლიკაცია “ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს” წარადგინა. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

როგორ ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი ოჯახების, სოფლებისა და თემების ცხოვრებას უკეთესობისკენ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ მათ — სწორედ ამ თემებს ეხმაურება პუბლიკაცია „ ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული კვირეულის ფარგლებში, ახალციხეში წარადგინა. გამოცემის პრეზენტაციის პარალელურად, ამავე სახელწოდების ფოტოგამოფენა და პანელური დისკუსიაც გაიმართა.

ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალურ მობილიზაციაში ჩართული, სოფლად მცხოვრები ქალები დაესწრნენ.

„ქალებს მართლაც საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ, მით უფრო, სოფლად მცხოვრებ ქალებს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი სამთავრობო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოება ვთანხმდებით ერთ საერთო მიზანზე - ეს არის სწორედ სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და კეთილდღეობის ხელშეწყობა“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლიდან, სოციალური მობილიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე მუშაობს. მხარს უჭერს მათ, მუდმივად მონაწილეობდნენ ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში.

შედეგად, ქალები მოხალისეობრივ აქტივიზმში ერთვებიან, თვითდახმარების ჯგუფებს ქმნიან, საჭიროებების კვლევებს ატარებენ და მათ მრგვალი მაგიდის შეხვედრების ფორმატით ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგენენ, შემდეგ კი ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. სოციალური მობილიზაცია „ფონდი ტასოსა“ და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ქალებმა უკვე არაერთ ინიციატივას ჩაუყარეს საფუძველი. საკუთარი აქტიურობით, მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცეს და არა მარტო საკუთარი, არამედ სოფლების ყოველდღიურობაც გაამრავალფეროვნეს. პუბლიკაციაში გაერთიანებული ისტორიები და ფოტოები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებზეა მომზადებული და სწორედ მათ ღვაწლს წარმოაჩენს. ისინი ასახავს შთამბეჭდავ ცვლილებებს და ნათლად წარმოაჩენს, რომ ქალებს, მართლაც, დიდი ძალა აქვთ. პანელური დისკუსიის დროს სოციალურ მობილიზაციაში ჩართულმა ქალებმა ამ ცვლილებებზე, მიღწევებსა და გეგმებზე თავად ისაუბრეს.

„შეხვედრაზე პროექტის როგორც პირველი, ისე მეორე ფაზის მონაწილე ქალები წამოვიყვანე, რათა მათაც დაენახათ, რეალურად რამდენ რამეს ვაკეთებთ და რომ მომავალში თავად შეუძლიათ, მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან ერთად, თემში სასიკეთო ძვრების წამოწყება. ღონისძიებაზე დავინახე, მართლაც რამხელა საქმეს ვაკეთებთ, მანამდე ამას ასე მასშტაბურად არ აღვიქვამდი. ძალიან ამაყი ვიყავი, რომ მოგვეცა ამაზე საუბრისა და სხვებისთვის გაზიარების საშუალება“, - აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ მზია სურმანიძემ, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში ცხოვრობს და „ფონდი ტასოს“ სათემო მუშაკია.

ღონისძიება გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.