პირველი ნაბიჯები გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოებების წინააღმდეგ

თარიღი:

შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოების შესახებ. მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოების შესახებ. მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოებები ყოველდღიურობის ნაწილია და, რა თქმა უნდა, ისინი სამუშაო ადგილზეც გვხვდება. როგორც გლობალური გამოცდილება ადასტურებს, ახალი კადრის დაქირავების ან არსებულის დაწინაურების პროცესში ხშირად ქალების დასაქმებასა თუ წინსვლას სწორედ ეს მიკერძოებები აფერხებს. მათ შორის საქართველოშიც, სადაც პროფესიის არჩევაზე გენდერული სტერეოტიპები კვლავაც დიდ გავლენას ახდენს და საზოგადოება სხვადასხვა სფეროს “ქალებისა და კაცების საქმეებად” ყოფს.

ამას გარდა, აუნაზღაურებელ ზრუნვისა და საშინაო შრომაზე საქართველოში ქალები 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები და ეს მაჩვენებელი გენდერული როლებითა და სტერეოტიპებითაა განპირობებული: საზოგადოება საოჯახო და ზრუნვის საქმეების შესრულებას სწორედ ქალებისგან მოელის. ეს ფაქტორი გავლენას ხშირად ახდენს დამსაქმებლებზეც, რომლებიც თავს იკავებენ კონკრეტულ პოზიციაზე აიყვანონ ან დააწინაურონ ქალი ორსულობის, დეკრეტული შვებულების, ბავშვზე ან ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ზრუნვისა და ა.შ. გამო.

რეალობა, რომლის გამოც ქალები არ ან ნაკლებად მონაწილეობენ შრომის ბაზარზე, ნეგატიურ გავლენას არა მხოლოდ მათ კარიერაზე, არამედ მთლიანად ბიზნესსექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც ახდენს, ამიტომ არსებული გამოწვევების სახელდება და პოზიტიური ცვლილებებისკენ ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია.

ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადამიანური რესურსების საკითხების მართვის სპეციალისტებს გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოებების თემაზე შეხვედრები და ტრენინგები ჩაუტარა. 11-14 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო ექსპერტი ნენსი როუზი, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების 70-მდე წარმომადგენელს გააცნო, თუ როგორ მოქმედებს გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოება მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას, რამდენად აფერხებს ის პირად და საქმიან ურთიერთობებს და რა სტრატეგიით შეიძლება ამ პრობლემასთან ბრძოლა. ასევე, მან განიხილა, როგორ იქმნება ორგანიზაციებში ღია, ინკლუზიური და ეფექტიანი სამუშაო გარემო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის შემოსავლების გაზრდაში. შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და დისკუსიები მონაწილეებს დაეხმარება, თავი აარიდონ გაუცნობიერებელ გენდერულ მიკერძოებებს და მრავალფეროვანი, თანასწორი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სტრატეგიების დასახვა შეძლონ.

ამას გარდა, ნენსი როუზმა ადამიანური რესურსების საკითხების მართვის 9 სპეციალისტისთვის ტრენერთა ტრენინგიც ჩაატარა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში კოლეგებსა თუ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პროფესიონალებს გაუზიარონ.

“ტრენერთა ტრენინგმა კიდევ ერთხელ გამიმყარა რწმენა, რომ გაუცნობიერებელი გენდერული მიკერძოებები ბოლომდე ვერ გაქრება, თუმცა მათი განეიტრალება, შემსუბუქება და მართვა შესაძლებელია. უპირველესად საკუთარ თავში უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენც გვაქვს ეს მიკერძოებები და მათი გაცნობიერების შემდეგ გავაზიაროთ ცოდნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური აღქმებით არ გავხდეთ ადამიანებისთვის დამატებითი ტკივილის, სტერეოტიპების გამყარებისა და შესაძლებლობების შეფერხების მიზეზი, განსაკუთრებით სამუშაო ადგილზე. ვაპირებ, ეს ცოდნა და საერთაშორისო პრაქტიკა ადგილობრივ კონტექსტში გადმოვიტანო”, - განაცხადა ორგანიზაციული განვითარების, HR და DEI სპეციალისტმა, თეონა ბაღათურიამ, რომელიც ტრენერთა ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

გადამზადებული პროფესიონალების დახმარებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაუცნობირებელი გენდერული მიკერძოების თემაზე ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარებას გააგრძელებს.

11-14 ივნისს მიმდინარე აქტივობები დანიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ იყო დაფინანსებული.