გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას

თარიღი:

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებიან ტრენინგს გენდერული თანასწორობისა და ამ მიმართულების საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების შესახებ. ფოტო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებიან ტრენინგს გენდერული თანასწორობისა და ამ მიმართულების საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების შესახებ. ფოტო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და ხელს უწყობს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარებას, მათთვის მნიშვნელოვანი სასწავლო და ტრენინგკურსების დანერგვას.

ამ მიზნით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდა. 24 ნოემბერს უწყების ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და ამ მიმართულების საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

სწავლება უწყების სტრუქტურული დანაყოფების საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ. მისი მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიდგომებზე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების შესახებ, მექანიზმებზე, რომლებიც უწყების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მიზნით წლების განმავლობაში შეიქმნა და დაინერგა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცვლილებებზე, რომლებიც 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, რისკების შეფასების ინსტრუმენტსა და ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების სტანდარტში განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელებისთვის, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში პატრულირებენ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF) მხარდაჭერით, ახალი ტრენინგ კურსიც დაინერგება. კურსი მათ დაეხმარება, უკეთ გაეცნონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს და ეფექტიანად უპასუხონ ადგილობრივი ქალებისა და გოგოების განსხვავებულ საჭიროებებს.

კურსის დანერგვას წინ უძღოდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც 6-8 დეკემბერს ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში გადამზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ათი წარმომადგენელი, რომლებიც შემდგომში აკადემიაში ამ კურსს თავად გაუძღვებიან.

ანა ილურიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენერთა ტრენინგს უტარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ანა ილურიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენერთა ტრენინგს უტარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ტრენინგზე, რომლის მთავარი თემაც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიციის სამსახური იყო, მონაწილეები გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და გენდერის დეფინიციებს, კონცეფციებს, თეორიებს, ტრენინგის წარმართვის მეთოდოლოგიებსა და სავარჯიშოებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე.

“საპოლიციო საქმიანობაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად, მათთან ამ საკითხებზე კომუნიკაცია აუცილებელია სამშვიდობო პროცესების სწორად წარმართვისთვის, უსაფრთხოების რისკების შემცირებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის”, -აღნიშნა ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენერმა, გენდერის ექსპერტმა და კურსის მოდულის ავტორმა ანა ილურიძემ.

ინიციატივები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.