ინვესტირების გენდერული ასპექტები — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კონფერენცია გამართა

თარიღი:

კონფერენციის მონაწილეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა მიესალმა ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
კონფერენციის მონაწილეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა მიესალმა ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გენდერული უთანასწორობა ბიზნეს და საინვესტიციო საზოგადოების აქტუალურ გამოწვევას წარმოადგენს. ამავდროულად, ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო მეტი მონაცემი ადასტურებს, რომ თანასწორობისკენ სწრაფვა ბიზნესს ეხმარება, არა მარტო მეტი ინვესტიცია მოიზიდოს და შემოსავალი გაზარდოს, არამედ საზოგადოებრივ კეთილდღეობაშიც საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ გაიმართა. წელს ღონისძიების თანაორგანიზატორს წარმოადგენდა ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგს უზრუნველყოფს. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ბერგლიოტ ჰოვლანდმა: „ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამუშაო ძალაში, ინოვაციებსა და მეწარმეობაში ხელს უწყობს მათ გაძლიერებას, რაც დემოკრატიის გაძლიერებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს. ბიზნესისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, გენდერული თანასწორობაში ინვესტირება მომგებიანია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა ბერგლიოტ ჰოვლანდმა.

კონფერენციის მიმდინარეობისას მონაწილეები კომპანიებში გენდერული თანასწორობის გაზომვის ხერხებსა და გენდერულად დაბალანსებული საინვესტიციო გუნდების მნიშვნელობასა და ქალთა ბიზნესების დაფინანსების პრაქტიკაზეც იმსჯელეს. განიხილეს, თუ რატომ არის ინვესტორებისთვის მიმზიდველი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები.

„კერძო სექტორის ინტერესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებებით გაზრდილია. ბიზნესი მიხვდა, რომ ეს საკითხები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, არამედ მომგებიანია შემოსავლის ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ინვესტორთა საბჭოს გენდერის ექსპერტმა, ანა ილურიძემ.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების რიცხვი საქართველოში უკვე 200-მდეა, რაც კერძო სექტორის არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.