ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის რეგულარული შეხვედრების მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს.

14 ნოემბერს, თბილისში სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ჩატარდა და ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა.

საკუთარ გამოსვლაში მან ხაზის გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი მოსაზრებების, ინტერესებისა და საჭიროებების გაზიარების მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლი, რომელიც ხელს უწყობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე და ქვეყნის დეოკუპაციის ძალისხმევის კვალდაკვალ, მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება მავთულხლართებითა თუ დეზინფორმაციით ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ისტორიულად დამკვიდრებული ურთიერთობების აღდგენა, ამავდროულად, გამყოფი ხაზის მიღმა რეგიონებში მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების და ახალი შესაძლებლობების შექმნა.

შეხვედრას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კონფლიქტით დაზარალებული, მათ შორის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები და დევნილი ქალები ესწრებოდნენ.

გამართული დისკუსიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა გამყოფი ხაზის მიღმა რეგიონებსა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები განიხილეს.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, ნატო ბაჩიაშვილმა ხაზი გაუსვა არსებულ ვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობას და კონკრეტულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ისეთი ფაქტების პრევენციისთვის, როგორიც 6 ნოემბერს თამაზ გინტურის მკვლელობა იყო. "მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მდგომარეობის სწორი შეფასება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს“, - აღნიშნა მან.

შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.