გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის კავშირმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმი დანერგა
თარიღი:
სექსუალური შევიწროება სპორტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ პრობლემასა და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ ფორმას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ამ აქტუალურ თემაზე დისკუსია უკვე საქართველოშიც მიმდინარეობს.
პრობლემის პრევენციისა და სათანადო რეაგირების ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის შიდა მექანიზმი წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორი, საქართველოს რაგბის კავშირი იქცა პირველ სპორტულ გაერთიანებად ქვეყანაში, რომელმაც ეს დოკუმენტი ოფიციალურად მიიღო.
სექსუალური შევიწროებისა და გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედების შედეგად, რაგბის კავშირში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის წევრები რაგბის კავშირის იურისტი ანა გვასალია, რაგბის კავშირის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი თამარ გიორგობიანი და რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნოდარ ანდღულაძე იქნებიან. კომისიისთვის მიმართვა შეეძლება ნებისმიერ პირს, რომელიც თავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევს. ყველა ამგვარ შემთხვევას სწორედ მისი წევრები განიხილავენ. მექანიზმის შემუშავება და დანერგვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
„საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაშია ჩართული და დღევანდელი დღეც სწორედ ამ ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ რაგბის კავშირმა ყველაფერი გააკეთოს სპორტის ამ სახეობაში ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ეს არა მარტო შექმნის ჯანსაღ ატმოსფეროს, არამედ დაეხმარება რაგბიში მეტი გოგოს ჩართულობას. გაგვიხარდება, თუ სპორტის სხვა სახეობებისთვისაც ჩვენ მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმი სამაგალითო პრეცედენტი იქნება“, - განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა სპეციალურ კონფერენციაზე.
მექანიზმის დამტკიცების შემდეგ რაგბის კავშირის მომდევნო ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს: უპირველესად სიახლისა და მექანიზმის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ყველა თანამშრომელს, მწვრთნელსა და მსაჯს ეცნობება. გაგრძელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც პირველ რიგში გადამზადდებიან თავად კომისიის წევრები, მწვრთნელები, რომლებიც მორაგბე გოგოებთან მუშაობენ და რაგბის კავშირის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვაში მხარდაჭერა საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრავალწლიანი პარტნიორობის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნული თანამშრომლობა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.