ზუგდიდში სპორტში გოგოების გაძლიერებაზე პანელური დისკუსია გაიმართა

თარიღი:

პანელური დისკუსია სპორტში გოგოების გაძლიერების თემაზე. ფოტო: ასოციაცია "მერკური"
პანელური დისკუსია სპორტში გოგოების გაძლიერების თემაზე. ფოტო: ასოციაცია "მერკური"

სპორტში გოგოების გაძლიერება და სხვადასხვა ბარიერის, მათ შორის სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამ თემაზე ხმამაღლა საუბრობენ და პრობლემის სიმწვავეზე ყურადღებას ამახვილებენ სპორტული ფედერაციები და გაერთიანებები, მედიის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, თავად ათლეტი ქალები და გოგოები.

სპორტში ქალებისა და გოგოების უსაფრთხოების საკითხზე დისკუსია საქართველოშიც დაიწყო, სექსუალური შევიწროების საქმეებზე კი უკვე სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, საქართველოში სპორტში ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა პანელური დისკუსია, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, აზრთა ფესტივალის ფარგლებში, 20 ოქტომბერს გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი თამარ კაპანაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ასისტენტი სამეგრელოში ციცინო შენგელია, რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნოდარ ანდღულაძე, მორაგბე და თამაშის კომისარი სალომე მაკასარაშვილი, ფეხბურთელები ლალო ბაბაიანი და მეგი ეჯიბია.

დიკუსიის მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, იმ გამოწვევებსა და ბარიერებზე, რომლებსაც ქალები და გოგოები სპორტის სხვადასხვა სახეობაში აწყდებიან და იმსჯელეს სექსუალურ შევიწროებაზე, როგორც ერთ-ერთ მწვავე პრობლემაზე. ამას გარდა, სპიკერებმა აუდიტორიას გაუზიარეს პრაქტიკა სპორტში ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობის შესახებ და იმსჯელეს, თუ რა როლის შესრულება შეუძლიათ თვითმმართველობებს რეგიონებში ადგილობრივი ათლეტი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის.

„ჩემთვის, როგორც ამ გზას გამოვლილი ქალისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თემები, რომლებიც უსაფრთხოებასა და სპორტში ქალთა ჩართულობას მოიცავს, მარტივად ხელმისაწვდომი და პრიორიტეტული იყოს, რათა სპორტსმენების, მწვრთნელების, ზოგადი პერსონალისა და საზოგადოების ინფორმირება სწორი ფორმით მოხდეს. ეს შეხვედრა კი ზუსტად ამას ემსახურებოდა“, - აღნიშნა დისკუსიის დასრულების შემდეგ ლალო ბაბაიანმა.

პანელური დისკუსიის მიზანი იყო, აემაღლებინა ცნობიერება ძალადობის ფორმებისა თუ სხვა ბარიერების შესახებ, რომლებსაც ქალები და გოგოები სპორტში აწყდებიან, წარმოეჩინა ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც სპორტს მათ გაძლიერებაში შეაქვს და წაეხალისებინა ამ თემებზე საზოგადოებრივი დისკუსია.

ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა.