თავდაცვის სექტორში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერა გრძელდება

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

თავდაცვის სფეროში ქალები უმცირესობას წარმოადგენენ, ამიტომ მათი ლიდერობისა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დაწინაურების ხელშეწყობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და, სხვადასხვა ინიციატივასთან ერთად, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან (DCAF) პარტნიორობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში “თავდაცვაში ქალთა ლიდერობის პროგრამას” ახორციელებს.

პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის სფეროში ქალთა გაძლიერებასა და კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობას, რათა მათ გადალახონ ის ბარიერები, რომლებიც ლიდერულ პოზიციებზე დაწინაურების პროცესში ეღობებათ. ამასთან, ის ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური, ეფექტიანი თავდაცვის სექტორის ფორმირებას საქართველოში. პროგრამა სამუშაო შეხვედრებსა და ონლაინ სესიებს მოიცავს, რომელთა მიმდინარეობისასაც მონაწილეები ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით იღრმავებენ და შესაბამის უნარებსაც იძენენ.

19-20 სექტემბერს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ორდღიანი სემინარი ამჯერად მენტორობის თემატიკას დაეთმო. მენტორობა არის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა, რომელიც ქალებს ეხმარება, კოლეგიალური სოლიდარობისა და გამოცდილების გაზიარებით დაძლიონ სამსახურეობრივი გამოწვევები და სირთულეები მათთვის ნაკლებად ტრადიციულ სფეროში.

სემინარი, ასევე, ხელს უწყობს მათ, აიმაღლონ თავდაჯერებულობა, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები ამჟამინდელ საქმიანობაში და გზა გაიკვალონ უფრო მაღალი, ლიდერული პოზიციებისკენ. სემინარს სულ 21 მონაწილე - 19 ქალი და 2 კაცი დაესწრო. მათ შორის იყვნენ, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

„გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგები უმნიშვნელოვანესია პიროვნული განვითარებისთვის. ცოდნასთან ერთად, ეს შეხვედრები თავდაჯერებასა და საკუთარი თავის რწმენას გვძენს“, - აღნიშნა სემინარის დასრულების შემდეგ პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის S-1-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლეიტენენტმა მარიამ ამბოკაძემ.

„თავდაცვაში ქალთა ლიდერობის პროგრამა“ ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.