გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებისა და დაზარალებულების მხარდამჭერი სერვისების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თარიღი:

კონფერენციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაიზიარეს, იმსჯელეს, თუ როგორ გაძლიერდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
კონფერენციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაიზიარეს, იმსჯელეს, თუ როგორ გაძლიერდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის შესაბამისი სპეციალიზებული სერვისების შექმნის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავაც ბევრი გამოწვევა არსებობს. სწორედ ამ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ევროპის საბჭომ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან პარტნიორობით გამართეს.

ღონისძიებას ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ქალთა უფლებადამცველები დაესწრნენ.

კონფერენციის მიზანს ძალადობის მსხვერპლი და დაზარალებული ქალებისა და გოგოების მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესება წარმოადგენდა, რათა თითოეულ მათგანს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებზე დაუბრკოლებლად წვდომა ჰქონდეს.

როგორც კონფერენციის მიმდინარეობისას აღინიშნა, საქართველოში სპეციალიზებული სერვისების შექმნის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: შეიქმნა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები, ამოქმედდა ცხელი ხაზი 116 006. თუმცა, მიღწეული პროგრესის პარალელურად, პრობლემად რჩება, მაგალითად, ისეთი გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც მსხვერპლებს ან იმ ქალებს, რომლებმაც ძალადობა დაძლიეს, პროფესიული უნარების ათვისების შესაძლებლობასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის საშუალებას მისცემდა.

კონფერენციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაიზიარეს, იმსჯელეს, თუ როგორ გაძლიერდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა. ღონისძიებამ შექმნა სივრცე, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებისა და დაზარალებულების სერვისების გაუმჯობესების ირგვლივ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების განხილვას დაეხმარება.

„ეს კონფერენცია მრავალმხრივ იყო მნიშვნელოვანი: 2006 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევაჯამეთ, თუ რას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რომ სერვისების განვითარების გარეშე ვერცერთი ქალი ვერ იბრძოლებს ძალადობის წინააღმდეგ. ამას გარდა, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო მოძრაობის კონტექსტში დავინახეთ საკუთარი თავი, მივხვდით, რომ ამ ბრძოლაში ყველანი ერთიანები ვართ. ამან ძალიან გაგვაძლიერა, რადგან ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლას ხანგრძლივი დრო სჭირდება და ხანდახან იმედს ვკარგავთ. თუმცა, როცა ვხედავთ, რომ მარტო არ ვართ, ეს იმედი ისევ ცოცხლდება“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ და პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ერთობლივი მხარდაჭერით, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ.