საჯარო სამსახურის ბიურომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა

თარიღი:

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქციის განხილვა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქციის განხილვა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ოჯახში ძალადობას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანის დასაქმების სტატუსზე, პროდუქტიულობაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მთავრობებს, დამსაქმებლებს, დასაქმებულთა პროფესიულ კავშირებსა და დამქირავებლებს შეუძლიათ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ სამუშაო ადგილზე ოჯახში ძალადობის შედეგების აღიარებითა ამ საკითხებზე რეაგირების გზით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოში პირველი დამსაქმებელია რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პრეცედენტი შექმნა და სამუშაო ადგილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ძალადობაგამოვლილთა მხარდაჭერის მექანიზმი დანერგა.

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ ბიუროს უფროსის N1043/სა ბრძანების საფუძველზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. ინიციატივა ეხმიანება ბიუროს გენდერული თანასწორობის 2022-2024 წლების შიდა სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს, რომელიც უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, 2022 წელს მიიღო. სახელმძღვანელო ინსტრუქცია მიზნად ისახავს, შექმნას შიდაუწყებრივი მექანიზმი სამუშაო ადგილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილების მხარდასაჭერად.

„საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა და დაამტკიცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სახელმძღვანელო ინსტრუქცია ორგანიზაციის მიერ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ეფექტიან რეაგირებას არეგულირებს“, - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, მაია დვალიშვილმა.

სამუშაო ადგილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის ახალი პოლიტიკა დამსაქმებელს ავალდებულებს, გონივრულობის ფარგლებში უზრუნველყოს დასაქმებულთა დაცვა ოჯახში ძალადობისგან. სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად დამსაქმებელი დასაქმებულებს ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, დოკუმენტი დამსაქმებელს მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილებისთვის უსაფრთხოების გეგმების შემუშავებასაც ავალდებულებს. ეს გეგმები შესაძლოა, მოიცავდეს მსხვერპლისათვის დამატებით ანაზღაურებად დღეების გაცემას შვებულებისთვის, სამუშაო ადგილის დროებით შეცვლას ან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის შეთავაზებას. სახელმძღვანელო ინსტრუქცია, დამატებით, დამსაქმებლის მხრიდან პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის დასაქმებულებისა და ხელმძღვანელებისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ რეგულარული ტრენინგების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.