გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმი განახლდა

თარიღი:

მოწყობილობები ელექტრონული ზედამხედველობის სისტემისთვის. ფოტო: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112
მოწყობილობები ელექტრონული ზედამხედველობის სისტემისთვის. ფოტო: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.

ცვლილება, რომელიც ძალადობის რისკის შეფასების მეთოდოლოგიაში 2023 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა, რისკების შეფასების პროცესს მსხვერპლზე კიდევ უფრო ორიენტირებულს ხდის. განახლებული სტრუქტურირებული კითხვარი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, ეფექტიანი ზომები მიიღოს. ამას გარდა, შეცვლილია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტიც, რაც ძალადობის პრევენციის ამ ეფექტიანი მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას მეტ მსხვერპლს აძლევს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის მსხვერპლის თანხმობაა აუცილებელი. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ კი 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.

„ცვლილების მიზანი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნაა“, - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გაეროს ქალთა ორგანიზაცია: მისი მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია Global Rights for Women-ის ექსპერტებმა ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეაფასეს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან და ცვლილებები სწორედ ამ სამუშაოს შედეგად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. ამას გარდა, ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით ვიდეორგოლიც დამზადდა.

საგულისხმოა, რომ რისკების შეფასებისა და ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დანერგა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმის განახლების კუთხით გაწეული სამუშაო კი პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.