გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის ძალებში ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების მხარდასაჭერად

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

თავდაცვის სფეროში ქალთა მონაწილეობის გაზრდა გლობალური გამოწვევა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების აუცილებელია ნაწილია. ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ეს გამოწვევა საქართველოსთვისაც აქტუალურ საკითხად რჩება. მაგალითად, ქვეყნის თავდაცვის ძალებში დასაქმებულებს შორის ქალი 9%-ია, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე კი მხოლოდ - 1.5%.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრსა (DCAF) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და თავდაცვის ძალებში ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათთვის არსებული ბარიერების აღმოფხვრისთვის ინტენსიურად მუშაობს.

ამ პარტნიორობის ნაწილს წარმოადგენს კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების 25 წარმომადგენლისთვის ტრენინგების სერიის ჩატარებას გულისხმობს. შეხვედრებზე მიღებული ახალი ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება, ამოიცნონ და დაძლიონ გენდერული სტერეოტიპები, შეამცირონ მათი უარყოფითი გავლენა თავდაცვის სფეროში ქალების კარიერულ წინსვლაზე.

საბოლოოდ, ტრენინგების სერია მონაწილეებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტიანად იმუშაონ ქალების მოზიდვის, სამუშაო ადგილებზე შენარჩუნებისა და დაწინაურების პროცესებში არსებული ორგანიზაციული გამოწვევებისა და ბარიერების აღმოფხვრაზე, პირადი კარიერული საქმიანობის მაგალითებითა თუ სხვა ინიციატივებით გაზარდონ მათი მონაწილეობა და წარმომადგენლობა თავდაცვის ძალებში.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები სხვადასხვა დანაყოფსა თუ დეპარტამენტში დასაქმებული განსხვავებული სამხედრო წოდების მქონე ქალებს კომუნიკაციის გაძლიერებაში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერაშიც დაეხმარება, ხელს შეუწყობს მათ, გააცნობიერონ საკუთარი კარიერული მიღწევების მაგალითების მნიშვნელობა.

“სამხედრო კარიერაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებიც სამხედრო კარიერაზე ფიქრობენ, მოტივაციასა და მაგალითს ვაძლევთ, ვაძლიერებთ მათ“, - აღნიშნა მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის II ბატარეის ოცმეთაურმა, თათია ხუგაევმა, რომელიც ტრენინგების სერიის ერთ-ერთი მონაწილეა და 4 ივლისს პირველ შეხვედრას დაესწრო.

ტრენინგების სერიას ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან. იგი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებას, რომელიც უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოამზადა და, ასევე, საქართველოს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის, ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის მხარდაჭერილი.