სწავლებაში გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შეტანა

თარიღი:

სემინარი თემაზე აკადემიის როლი გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობაში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სემინარი თემაზე აკადემიის როლი გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობაში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელების პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა, ცალკეული თემების სილაბუსებში ინტეგრირება და სწავლება საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის სრულიად განსხვავებულ და საინტერესო პერსპექტივებს ქმნის.

ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსებში გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ჩართულობას, აკადემიურ წრეებში თემის მიმართ სამეცნიერო ინტერესის გაღვივებას უჭერს მხარს, რაც, საბოლოოდ, კონფლიქტის გენდერული ანალიზის დამკვიდრებას, მშვიდობის მშენებლობაში ქალების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენასა და მათი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ამ მხარდაჭერის მაგალითს წარმოადგენდა ორდღიანი სემინარი თემაზე აკადემიის როლი გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობაში, რომელიც თბილისში 7-8 მაისს გაიმართა. მას საქართველოს 7 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 15 პროფესორი დაესწრო. სემინარში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრებიც მონაწილეობდნენ.

აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირების მეთოდებზე იმსჯელეს. სემინარმა შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა განხილვისა და იდეების გაზიარებისთვის, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა, რაც, საბოლოოდ, გენდერული სამართლიანობისა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გავცნობოდი იმ კოლეგებს, რომლებიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობენ. აგრეთვე, მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელსაც სამომავლოდ სასწავლო სილაბუსების შექმნის პროცესში გავითვალისწინებ“, - განაცხადა სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ, ასოცირებულმა პროფესორმა, ქეთი ვასაძემ.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისა და გენდერული თანასწორობის საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირების კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაცია აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის მხარდაჭერილი.“