ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შორის შეხვედრები გრძელდება

თარიღი:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის სისტემატური საინფორმაციო შეხვედრები რეგულარული დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ ფორმატის მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს.

სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში, 18 მაისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა ზუგდიდში გამართა.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობას, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი.

შეხვედრაზე, რომელსაც 35 ქალი ესწრებოდა, სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდაზე იმსჯელეს. ამას გარდა, მონაწილეებმა ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ წარმომადგენლებს შესაბამისი რეაგირება სთხოვეს. საგულისხმოა, რომ ქალებმა საინტერესო ინიციატივებიც წამოჭრეს. მაგალითად, სოფელ რუხში მცხოვრებმა, ქრისტინე ეზუგბაიამ „მეგობრობის სახლის“ შექმნის იდეაზე ისაუბრა - სივრცეზე, სადაც აფხაზეთიდან გადმოსულ ადამიანებს გზის გაგრძელებამდე დასვენება შეეძლებათ. ამასთან, მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ასეთ ადგილად მისი საკუთარი სახლი იქცეს.

შეხვედრის ბოლო ნაწილი კი დაეთმო დისკუსიას, რომლის დროსაც მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები განიხილეს.

შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.