საქართველოს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა აქვს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ახალი, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიების ნაწილს წარმოადგენდა კონფერენციაც, რომელიც ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მიეძღვნა.
გეგმის წარდგენას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
„სამოქმედო გეგმის წარმატებისა და მდგრადი განხორციელების აუცილებელ პირობას ინკლუზიური პროცესი წარმოადგენს. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მიღებაში საკვანძო როლი შეასრულეს. ისინი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ“, - აღნიშნა კონფერენციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინმა.
ღონისძიებაზე შეკრებილებმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებსა და ამოცანებზე, მათი ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიებსა და გზებზე იმსჯელეს. საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით თემატური პანელური დისკუსიებიც გაიმართა.
ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასული წლის ოქტომბერში დაამტკიცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა. პროცესი სამთავრობო უწყებებთან, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალსა და ახალგაზრდასთან ფართო და წარმომადგენლობითი კონსულტაციების საფუძველზე მიმდინარეობდა.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ის ამოცანები და ღონისძიებები, რომელთა დახმარებით უნდა გაძლიერდეს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა, საჭიროებების იდენტიფიცირება, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში, მათი წარმომადგენლობის გაზრდა და ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
განახლებული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცების პროცესში გაწეული ტექნიკური დახმარება განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერაა დაფინანსებული.