პროფესიული განვითარების პროგრამა უსაფრთხოების სექტორში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მხარდასაჭერად

თარიღი:

მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს უსაფრთხოების სექტორი შიდა სამოქმედო გეგმების შესრულებითა და სხვადასხვა აქტივობით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყანაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია კი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ხელს უწყობს აღნიშნული სექტორის წარმომადგენელ უწყებებს, რაც უპირველესად შესაბამისი ცოდნის გაზიარებასა და მათი პოტენციალის გაძლიერებას გულისხმობს.

სწორედ ამ ხელშეწყობის ნაწილს წარმოადგენდა პროფესიული განვითარების პროგრამა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებში გენდერის საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომელიც უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან პარტნიორობით დაიგეგმა და განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, ტრენინგები შერეული ფორმატით, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2023 წლის თებერვალში დასრულდა. სულ გადამზადება სხვადასხვა უწყების 35-მა თანამშრომელმა გაიარა.

პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემატიკის შესახებ სიღრმისეულ ინფორმაციას გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების მიმართულებით გენდერული ანალიზის ინსტრუმენტებზე, სქესის ნიშნით დაყოფილი მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებაზე, ქალების ლიდერობასა და ჩართულობაზე, უსაფრთხოების სექტორში გენდერის მრჩევლების როლზე, ბარიერებზე, რომლებსაც ამ სფეროში მოღვაწე ქალები კარიერაში აწყდებიან და საუკეთესო გამოცდილებაზე ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების გასაძლიერებლად.

„პროფესიული განვითარების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო როგორც ცნობიერების ამაღლების, ისე უსაფრთხოების სექტორში მომუშავე ქალების გაძლიერების თვალსაზრისით. ამას გარდა, ვფიქრობ, ეს ტრენინგები ძალიან დაგვეხმარა უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთგვარი ქსელის ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, თამარ გიორგობიანმა, რომელიც პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა.

უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობა და პროფესიული განვითარების პროგრამა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებში გენდერის საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის და თავდაცვის სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.