გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს დიალოგსა და მედიაციაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას

თარიღი:

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფასა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებაზე აქტიურად მუშაობს, რაც პროცესის მონაწილეთა ცოდნის გაღრმავების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 9-10 მარტს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ჩატარებული ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორის, შვედეთის ფოლკე ბერნადოტის აკადემიის ტრენერები უძღვებოდნენ. ტრენინგის მიმდინარეობისას მათ მეთოდების შერჩევა, ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების თავისებურებები, ეფექტური წარდგენის ხერხები, ინტერაქციული და მონაწილეობითი პრეზენტაციები, ჯგუფური ტრენინგის ფასილიტაცია და სხვა საკითხები განიხილეს. სამომავლოდ მიღებულ ცოდნას მონაწილეები ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების, მოლაპარაკებებისა და გენდერული პერსპექტივის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში დანერგილი ტრენინგკურსის დასახვეწად გამოიყენებენ.

„ამ ორმა დღემ შესაძლებლობა მომცა, არა მარტო გავცნობოდი ეფექტური ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა ტექნიკას, არამედ პრაქტიკაში გამომეყენებინა თითოეული მათგანი, დამენახა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები აღნიშნული მიმართულებით და მიმეღო სასარგებლო რეკომენდაციები გამოცდილი ტრენერებისგან“,- აღნიშნა სწავლების დასრულების შემდეგ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ტრენერმა, ხატია გოგებაშვილმა.

საგულისხმოა, რომ ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების, მოლაპარაკებებისა და გენდერული პერსპექტივის შესახებ კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ტექნიკური დახმარებით შემუშავდა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში 2020 წლიდან დაინერგა. კურსი მშვიდობის, კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და მასში გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და მისი თანამდევი რეზოლუციების პრინციპებია ინტეგრირებული.

ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფა, მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება და ამ მიმართულებით არსებული პარტნიორობები თუ განხორციელებული ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის და თავდაცვის სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.