გაეროს ქალთა ორგანიზაცია 1990-იანი წლების კონფლიქტებით დაზარალებული ებრაელი ქალების ისტორიებს აცოცხლებს

თარიღი:

პუბლიკაციის ერთ-ერთი გმირი დალი (ესთერ)ეფრატი სოხუმის იმ უბნის ფოტოთი, სადაც ბავშვობა გაატარა. ფოტო: ლაშა შაყულაშვილი
პუბლიკაციის ერთ-ერთი გმირი დალი (ესთერ)ეფრატი სოხუმის იმ უბნის ფოტოთი, სადაც ბავშვობა გაატარა. ფოტო: ლაშა შაყულაშვილი

საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საქართველოში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 1990-იანი წლების კონფლიქტების დაწყებამდე, ორივე რეგიონი მულტიკულტურული, ეთნიკურად მრავალფეროვანი გარემოთი გამოირჩეოდა.

იძულებით გადაადგილებული პირების რთული ყოველდღიურობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მეტნაკლებად შესწავლილია. თუმცა, ცოტა რამაა ცნობილი იმ ქალების კონფლიქტის დროინდელი თუ პოსტკონფლიქტური ნეგატიური გამოცდილებების შესახებ, რომლებიც ეთნიკურ და სხვა უმცირესობებს წარმოადგენდნენ და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ.

რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა, უფრო მკაფიოდ გაისმას მივიწყებული ქალების ხმები და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები ინტერსექციური პრიზმიდან იყოს განხილული, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ცდილობს, შეისწავლოს და წარმოაჩინოს სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფის, მათ შორის განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ქალების გამოცდილებები. სწორედ ეს მცდელობა დაედო საფუძვლად პუბლიკაციის მომზადებას, რომელიც ამჟამად ისრაელში, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ებრაელი ქალების ისტორიებს გააერთიანებს. ყველა მათგანმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი 1990-იანი წლების კონფლიქტების გამო დატოვა.

"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი ებრაელი ქალების უცნობი ისტორია იმ ადამიანების მივიწყებულ ხმებს აცოცხლებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ თაობების მიერ რუდუნებით ნაშენებ, საყვარელ ცხოვრებაზე. მათი დიდი ნაწილი 1993 წლის შემოდგომაზე ისრაელის სახელმწიფოში, ემიგრაციაში წავიდა და უცნობ, გაურკვევლობით სავსე სამყაროში შეაბიჯა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი ათწლეული გავიდა, ამ ქალების ისტორიები ფართო საზოგადოებისთვის - ეთნიკური ქართველებისთვის, აფხაზებისა თუ ოსებისთვის კვლავაც უცნობია. ეს ინიციატივა სახალხო დიპლომატიაში ახალ თავს შლის და კარს უღებს იძულებით გადაადგილებული ქართველი ებრაელი ქალების დანაკარგის, შიშისა და იმედის შენარჩუნების ისტორიებს", - ამბობს პუბლიკაციის ავტორი, ებრაისტი და იერუსალიმში ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის მოწვეული მკვლევარი ლაშა შაყულაშვილი.

საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულმა გაყინულმა კონფლიქტებმა მათი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ახალი, ინოვაციური და კრეატიული მიდგომების საჭიროება მკაფიოდ წარმოაჩინა. სწორედ ამიტომ, ებრაელთა თემისა და განსაკუთრებით ებრაელი ქალების ისტორიების ჩვენება, მათი კონფლიქტის დროინდელი თუ პოსტკონფლიქტური გამოცდილებების შესწავლა კიდევ უფრო გააფართოებს და ახალი პერსპექტივით გაამდიდრებს არსებულ დისკურსს, საკუთარ წვლილს შეიტანს სახალხო დიპლომატიასა და ნდობის აღდგენის ძალისხმევაში, რადგან ქალებს მდგრადი მშვიდობის მიღწევაში მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

პუბლიკაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დაფინანსებით მომზადდება და მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდება.