საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები კომპენსაციას მიიღებენ

თარიღი:

სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტის შესახებ. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტის შესახებ. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გასაცემი კომპენსაციის წესი დაამტკიცა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ცვლილების შედეგად, ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია, სახელიმწიფოსგან კომპენსაცია მიიღოს, თუ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. კომპენსაციის ოდენობა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება. მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო კი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოა.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციით (სტამბოლის კონვენცია) ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია მის შესასრულებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობით გაანალიზდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა. შემდეგ კი, მასზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრის დადგენილებით დაამტკიცა.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცება და კომპენსაციის გამცემ ორგანოდ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განსაზღვრა მნიშვნელოვანი სიახლე და კიდევ ერთი მხარდამჭერი მექანიზმია, რომელსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა ძალადობის მსხვერპლ ქალებს ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა და სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალადობრივი გარემოსგან თავის დასაღწევად“, - აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.