საქართველოს რაგბის კავშირი სპორტში ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის

თარიღი:

საქართველოს რაგბის კავშირმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მხარდაჭერით, სპორტში და სპორტის დახმარებით ქალებისა და გოგოების გაძლიერების თემაზე შეხვედრა გამართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოს რაგბის კავშირმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მხარდაჭერით, სპორტში და სპორტის დახმარებით ქალებისა და გოგოების გაძლიერების თემაზე შეხვედრა გამართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სპორტში და სპორტის დახმარებით ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათთვის არსებული ბარიერების შემცირება ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. მსოფლიოში ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო ინიციატივა ხორციელდება და საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსია უკვე საქართველოშიც დაიწყო.

6 ოქტომბერს, საქართველოს რაგბის კავშირმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მხარდაჭერით, სპორტში და სპორტის დახმარებით ქალებისა და გოგოების გაძლიერების თემაზე შეხვედრა გამართა. ღონისძიება რაგბის 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა და მას ჩემპიონატის წარმომადგენლები და მონაწილეები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, სპორტული ფედერაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სპორტში ქალებისა და გოგოების წინაშე არსებულ ბარიერებსა და მათი შემცირებისთვის საჭირო ნაბიჯებზე, სფეროს წარმომადგენლებს შორის სექსუალური და გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე საქართველოს რაგბის კავშირმა მნიშვნელოვანი ინიციატივის - ფედერაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმის დანერგვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

„არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე. რაგბის კავშირის ადმინისტრაციას ამ მხრივ კატეგორიული და შეურყეველი პოზიცია აქვს და იმედიც, რომ შეტყობინება-რეაგირების სისტემის გამართულობა მეტ ქალს მოიზიდავს რაგბიში, გაგვაძლიერებს ჩვენც, როგორც კავშირს, ქალებსაც და საერთო ჯამში ქართულ სპორტსაც“, - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ სპორტში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროება ქართულ რეალობაშიც გავრცელებული პრაქტიკაა. საგულისხმოა, რომ ძალადობრივი გარემოს გამო, არაერთმა ქალმა სპორტულ კარიერაზე უარიც თქვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემთხვევა გვაქვს, ამ დრომდე სპორტი აქტიურად არ სახელდებოდა სფეროდ, სადაც ქალები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას განიცდიან. რაგბის კავშირის ინიციატივა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმის დანერგვის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, თუ ფედერაციები და კლუბები ამგვარ მექანიზმებს დანერგავენ, ქალებს აღარ მოუწევთ სასამართლოში წასვლა, მწვრთნელებს კი წინასწარ ეცოდინებათ, რა არის მიუღებელი ქცევა“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს სპორტში ქალთა მიმართ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე ესაუბრა.

ღონისძიება საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრავალწლიანი პარტნიორობის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნული თანამშრომლობა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.