გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევა ჩატარდება

თარიღი:

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის შესახებ, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022-2023 წლებში ჩაატარებს. ფოტო: საქსტატი
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის შესახებ, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022-2023 წლებში ჩაატარებს. ფოტო: საქსტატი

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მასზე ადეკვატური რეაგირება და პრობლემის აღმოსაფხვრელად ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა მაღალი ხარისხის, სანდო და ყოვლისმომცველი სტატისტიკური მონაცემების წარმოების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, მხარს უჭერს ქვეყნის მთავრობას სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებაში.

ამ თანამშრომლობის ნაწილს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მსოფლოში აღიარებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს.

გამოკვლევის მიზანია, შეაგროვოს 15-69 ასაკის ქალებისა და კაცების შესახებ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები.

„გამოკვლევა ხელს შეუწყობს გენდერული სტატისტიკის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი მაჩვენებლების წარმოებას, მათ გამოყენებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ზოგადად გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის შესაბამისი საბაზისო ინდიკატორების წარმოებას. ვფიქრობ, გამოკვლევა იქნება ნამდვილად ღირებული პროდუქტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით“, - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევისთვის საველე პერსონალმა ფართომასშტაბიანი ტრენინგი 19-22 ოქტომბერს უკვე გაიარა. ინტერვიუერები დეტალურად გაეცნენ გამოკვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციასა და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს. საგულისხმოა, რომ მონაცემები პლანშეტური კომპიუტერებით, რესპონდენტების პირისპირ გამოკითხვით შეგროვდება. საველე სამუშაოები ოქტომბერ-ნოემბერში შესრულდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4400 რესპონდენტი მიიღებს მონაწილეობას. კვლევის შედეგები კი ხელმისაწვდომი 2023 წელს გახდება. საქსტატმა მსგავსი ეროვნული მასშტაბის გამოკვლევა პირველად 2017 წელს, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩაატარა.

მიმდინარე გამოკვლევა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.