ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ინკლუზიური განვითარების პროგრესის დაჩქარებაში გენდერული სტატისტიკის როლის შესახებ კონფერენციამ 60-ზე მეტი ექსპერტი გააერთიანა

თარიღი:

საქართველოში 60-ზე მეტმა მთავარმა სტატისტიკოსმა და გენდერზე პასუხისმგებელმა პირმა ეროვნული სტატისტიკის სამსახურებიდან, მკვლევრებმა და გადაწყვეტილების მიმღებებმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში გენდერული მონაცემების გამოყენებაზე იმსჯელეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
საქართველოში 60-ზე მეტმა მთავარმა სტატისტიკოსმა და გენდერზე პასუხისმგებელმა პირმა ეროვნული სტატისტიკის სამსახურებიდან, მკვლევრებმა და გადაწყვეტილების მიმღებებმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში გენდერული მონაცემების გამოყენებაზე იმსჯელეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

25-26 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თბილისში მეორე რეგიონულ კონფერენციას „გენდერული სტატისტიკა - ინკლუზიური განვითარების პროგრესის დაჩქარებისთვის“ უმასპინძლეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მთავარმა სტატისტიკოსმა და გენდერზე პასუხისმგებელმა პირმა დასავლეთ ბალკანეთიდან, თურქეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ მკვლევარები და გადაწყვეტილების მიმღებები რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

„რეგიონული კონფერენცია საქსტატის 150 წლის იუბილესა და საქართველოში გენდერული სტატისტიკის წარმოების 25 წლის აღსანიშნავად იმართება. ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან 18 ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. მინდა, ყველა სტატისტიკოსს მივულოცო ეს დღე და მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

ორდღიანი კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის შემუშავებაში გენდერული მონაცემების გამოყენების შესახებ. დამსწრეებმა შეაჯამეს მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკა და სტრატეგიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა, სახელფასო სხვაობა გენდერული ნიშნით და ა.შ. ასევე, ეროვნული სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკები და გამოცდილებები რეგიონის მასშტაბით გენდერული მონაცემების ჰარმონიზებული და სრულყოფილი წარმოებისა და გამოყენების შესახებ.

„გენდერული სტატისტიკის სრულყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხოვრების გაუმჯობესებისა და საინფორმაციო პოლიტიკისთვის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი მმართველობა ეროვნულ სტატისტიკურ დონეზე და უფრო ფართო ეროვნული სტატისტიკის სისტემები; ასევე, დაგეგმვა, კოორდინაცია, თანამშრომლობა და ადვოკატირება გენდერული საკითხების გათვალისწინებით. ამ მიმართულებებით დროისა და რესურსების ინვესტირება მდგრადი და ხანგრძლივი პროგრესისთვისაა აუცილებელი“, - აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში პაპა სეკმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევისა და მონაცემების განყოფილების ხელმძღვანელმა.

გენდერული მონაცემები ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბოლო შეფასების თანახმად, 2015 წლიდან ევროპისა ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერული მონაცემების ხელმისაწვდომობა 18%-დან 59%-მდეა გაზრდილი, რაც მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის, გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერებას ემსახურება. რეგიონის 18 ქვეყნიდან 15-ს გენდერული მონაცემების მინიმუმ ნახევარი აქვს. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, კვლავაც არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელთა გადასალახად საჭიროა დამატებითი ძალისხმევა სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და კლიმატის სფეროებში გენდერული მონაცემების გაუმჯობესების, დროულობის, ხარისხისა და გამოყენების თვალსაზრისით.

აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საშინაო შრომაში არსებული გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა

ამჟამად ქალთა მიერ შესრულებული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გასაზომად საჭირო მონაცემების მხოლოდ 39%-ია ხელმისაწვდომი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოსა და სომხეთს დროის გამოყენების კვლევების ჩატარებაში, რათა ქალთა აუნაზღაურებელი შრომა გაიზომოს, აღიარებული იყოს, შემცირდეს და შესაბამისი ეფექტიანი პოლიტიკითა და ზრუნვის ეკონომიკაში ინვესტირებით გადანაწილდეს. დროის გამოყენების კვლევის შედეგების დახმარებით, ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა თიბისი და ტერაბანკი, გამოიყენეს მონაცემები მამებისთვის მშობლის შვებულების წახალისებისა და სოციალური ნორმების ცვლილებებისთვის. ამას გარდა, კვლევის შედეგებისა და გენდერული ზეგავლენის შეფასების შემდეგ ქვეყნის საჯარო სამსახურის ბიუროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესამუშავებლად, რომელიც სწორედ ამ შეფასების მიგნებებს ეყრდნობა. გენდერული ზეგავლენის შეფასება ავლენს და აანალიზებს ქალთა ლიდერობის მთავარ ბარიერებს საჯარო სექტორში და ქმნის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამართლებრივ და პოლიტიკის რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს კანონი, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ანაზღაურებადი მშობლობის შვებულების კუთხით.

მონაცემთა გამოყენება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად

იმ მონაცემების 83%, რომლებიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა საჭირო, ხელმისაწვდომია. მიუხედავად ამისა, მათი შეგროვების სიხშირე კვლავაც პრობლემად რჩება. ამ დრომდე მხოლოდ ალბანეთი, საქართველო და ყაზახეთია რეგიონში ის ქვეყნები, რომლებმაც 2015 წლიდან ქალთა მიმართ ბრძოლის გავრცელების კვლევის ორივე რაუნდი დაასრულეს. აღნიშნული კვლევები ეხმარება მთავრობებს, გამოავლინონ ტენდენციები და გაზომონ ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და მისი აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია გააგრძელებს ბელარუსის, ყირგიზეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერას, რათა მათ 2025 წელს ისტორიაში პირველად ჩაატარონ ქალთა მიმართ ძალადობის კვლევა.

კონფერენცია ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ, რეგიონული პროგრამის „ყველა ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.