გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2 მუნიციპალიტეტში ქალებისთვის სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამას იწყებს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს. ფოტო: სოფლის განვითარების სააგენტო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს. ფოტო: სოფლის განვითარების სააგენტო

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი სოფლად მცხოვრები და განსაკუთრებით მოწყვლადი - სოციალურად დაუცველი, მცირე მიწის მფლობელი და ა.შ. ქალების მხარდაჭერაა. ამ მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით, სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა შემუშავდა, რომელიც სწორედ მათ თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამა ფერმერ ქალებს, რომლებიც მცირე მიწას ფლობენ, საშუალებას მისცემს, სასათბურე მეურნეობებისთვის სუბსიდია მიიღონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. საგულისხმოა, რომ მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც პროგრამა უნდა განხორციელდეს, სასათბურე მეურნეობების მოწყობას კლიმატური და გარემო პირობებიც უწყობს ხელს.

ინიციატივა ადგილობრივ ქალებს 12 სექტემბერს მარნეულში, 19 სექტემბერს კი ლაგოდეხში გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს. მარნეულში გამართულ შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანიც ესწრებოდა.

„აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა კონკრეტულად სოფლად მცხოვრები ქალებისთვისაა, რადგან ეს მათთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. თავად ქალებიც დაინტერესდებიან, რადგან სასათბურე მეურნეობებს სწორედ ისინი უძღვებიან ხოლმე. მეც სოფლად ვცხოვრობ, კიტრის სასათბურე მეურნეობა მაქვს და პროგრამაში მონაწილეობაც მინდა. ამას გარდა, ჩემი სათემო კავშირის, „ჰერეთის“ სახელით ყველას, ვისაც მონაწილეობა მოუნდება, ინფორმაციასაც მივაწვდი და განაცახდის შევსებაშიც დავეხმარები“, - აღნი შეხვედრის ერთ-ერთმა დამსწრემ, ნარგო ბერიძემ, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასა და ცოდნის გაზიარებასაც ითვალისწინებს. ფერმერ ქალებს კონკრეტული კულტურების მოვლასა და სასათბურე მეურნეობის მართვაში თეორიული სწავლება ჩაუტარდებათ, დაფინანსების შემდეგ კი ისინი განსაზღვრული კულტურებისთვის პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან.

საპილოტე პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მემორანდუმი სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდას, სააგენტოს პროგრამებში მათ ჩართულობას, სპეციალური ინიციატივების შემუშავებას და, შედეგად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშორმლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. იგი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ხორციელდება.