საქართველოს ხელისუფლება მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის პროექტზე მუშაობს

თარიღი:

სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტის შესახებ. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტის შესახებ. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციით (სტამბოლის კონვენცია) აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების უზრუნველყოფაა, ამიტომ აღნიშნული მიმართულებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობით უკვე გაანალიზდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა. შემდეგ კი, მასზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი მოამზადა. მისი პრეზენტაცია აგვისტოში შედგა, 9 სექტემბერს კი პროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამთავრობო სტრუქტურებისა და ქალთა უფლებების თემებზე მომუშავე არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა პროექტის ირგვლივ არსებული უკუკავშირი და კომენტარები განიხილეს, შემდეგ კი უკვე განხორციელებულ ცვლილებებზეც იმსჯელეს.

“აღნიშნული წესის მიღებით შევასრულებთ როგორც კანონის, ასევე სტამბოლის კონვენციის ვალდებულებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წესის შემუშავებისას განხილული იქნა საერთაშორისო პრაქტიკები და დოკუმენტის პროექტი მათზე დაყრდნობით მომზადდა“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

მომდევნო ეტაპზე დასრულებული პროექტი სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნება, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.

მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.