ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ნორვეგიულ გამოცდილებას გაეცნენ

თარიღი:

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები Storebrand-ის ხელმძღვანელებს ხვდებიან. ფოტო: Storebrand
ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები Storebrand-ის ხელმძღვანელებს ხვდებიან. ფოტო: Storebrand

მას შემდეგ, რაც 2014 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები - თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ პირველად წარადგინა, ადგილობრივმა კერძო სექტორმა ქალთა ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. ამჟამად იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც აღნიშნული პრინციპების ხელმომწერები არიან, უკვე 140-ს აჭარბებს, მათი წამოწყებები კი პოზიტიურად არაერთი ადამიანის ცხოვრებას ცვლის.

საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების კუთხით მიღწეული პროგრესის მხარდასაჭერად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით, 23-27 აგვისტოს, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისთვის ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სასწავლო ტური მოეწყო. მასში მონაწილეობას 14 ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელი იღებდა. მათ შორის იყვნენ კერძო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელი პირველებმა მოაწერეს და ისინიც, ვინც ინიციატივას ახლახან შემოუერთდნენ.

სასწავლო ტური მიზნად ისახავდა, კომპანიების ხელმძღვანელებს გაეზიარებინათ იმ ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც გლობალური გენდერული ინდექსით, მსოფლიოში მესამე პოზიციაზეა, ადგილობრივი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოესმინათ, თუ რამდენად პოზიტიურ როლს ასრულებს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა როგორც კონკრეტული ბიზნესის, ისე მთლიანად ეკონომიკის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინასვლაში, ემსჯელათ წარმატებულ მაგალითებსა და ინიციატივებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

სასწავლო ტურის მონაწილეებმა შეხვედრები ნორვეგიული კომპანიების - Storebrand-ის, Telenor-ისა და HerSpace-ის ხელმძღვანელებთან გამართეს, გაეცნენ იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მხარდასაჭერად ახორციელებენ, მათთან ერთად განიხილეს ინიციატივები, რომლებიც ნორვეგიაში გენდერული თანასწორობის მიღწევას უწყობს ხელს და, ამავდროულად, საქართველოსთვისაც რელევანტურია.

„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნორვეგიელი მეწარმეებისა და პოლიტიკოსების მიდგომამ დატოვა. მათთვის ქალების გაძლიერება ეკონომიკის სწრაფის ზრდის წინაპირობაა. ვფიქრობ, საქართველოში ამ მხრივ დიდ პოტენციალსა და დოვლათს ვკარგავთ, რადგან შრომისუნარიანი ქალები ეკონომიკაში ჩართულები არ არიან. ალბათ, წამყვანმა ბიზნესკომპანიებმა მათი მონაწილეობის მხარდასაჭერად კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, მაგალითი სხვებსაც მივცეთ და ქვეყანაში კეთილდღეობა გავზარდოთ. ნორვეგიაში ვიზიტისას რამდენიმე კონკრეტული იდეა გაგვიჩდა, რომელთა განხორციელებასაც კომპანიები ერთობლივად ვაპირებთ. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით მეტს შევძლებთ“, - აღნიშნა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა.

საგულისხმოა, რომ ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებმა ოსლოში, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა ბიზნესშესაძლებლობაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ ნორვეგიელ პოლიტიკოსს, ტრინე შაი გრანდესაც, რომლის სახელიც ნორვეგიაში ქალთა უფლებების კუთხით წინგადადგმულ არაერთ ნაბიჯს უკავშირდება. სასწავლო ტურის ბოლოს კი მონაწილეები ინკლუზიურობისა და ჩართულობის შესახებ ყოველწლიურ სამიტს, Diversify Nordic Summit-ს დაესწრნენ.

ქალთა გაძლიერების პირნციპების მხარდაჭერა და ამ მიზნით განხორციელებული ინიციატივები პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.