საჯარო მოხელეები გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების შესახებ ცოდნას იღრმავებენ

თარიღი:

საჯარო მოხელეების ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საჯარო მოხელეების ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ბიუჯეტი სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების ყველაზე საფუძვლიანი განაცხადია. მისი შედგენის პროცესში გენდერული საკითხების სრულყოფილად ასახვა კი საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ამასთან, გენდერული ბიუჯეტირება ქალებსა და კაცებს შორის საჯარო რესურსების სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს.

სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას საბიუჯეტო პროცესებში გენდერული მეინსტრიმინგში უჭერს მხარს, ამ მხარდაჭერის ნაწილია გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე საჯარო მოხელეების გადამზადებაც.

მიმდინარე წლის მაისიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის შედეგად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების 143-მა საჯარო მოხელემ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგები გაიარა. ტრენინგები მონაწილეებს გენდერული თანასწორობის, საჯარო ფინანსების მართვისა და კარგი მმართველობის საკითხებს შორის კავშირების გააზრებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარა. შედეგად, საჯარო მოხელეებმა საბიუჯეტო ციკლში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრინციპების ინტეგრირებაში ცოდნა და უნარები გაიუმჯობესეს.

ინიციატივის შედეგად, 2022 წლის ბოლომდე, საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების შესახებ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე 300-დე საჯარო მოხელე აიმაღლებს კვალიფიკაციას. „ამგვარი მასშტაბის საჯარო მოხელეთა ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე საქართველოში პირველად ტარდება. ვიმედოვნებთ, რომ ძალისხმევა ხელს შეუწყობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრაქტიკულ ინტეგრირებას სახელმწიფო უწყებების პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - აღნიშნავს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი ტარიელ ჭულუხაძე.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი ტარდება ოფიციალურად აკრედიტებული პროგრამით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ შექმნილია პროგრამის ონლაინ მოდულიც, რომელიც ამჟამად პილოტირების პროცესშია. კურსის საბოლოო ვერსია კი ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.