დუშეთის მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება ინერგება

თარიღი:

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ადგილობრივი ქალების მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა  გაიმართა. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ადგილობრივი ქალების მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ქალთა თვითდახმარების ჯგუფების წევრებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას ემსახურება და ლოკალური ბიუჯეტირების პროცესში ქალთა პრიორიტეტების გათვალისწინების ეფექტიან ინსტრუმენტს წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, „ფონდი ტასოსა“ და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან ერთად, ამ ინსტრუმენტს მუდმივად ავითარებს და ამჯერად მას დუშეთის მუნიციპალიტეტში ნერგავს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ადგილობრივი ქალების მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს გაიმართა. მისი მიმდინარეობისას თვითდახმარების ჯგუფების წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას თემში ჩატარებული საჭიროებების კვლევის შედეგები გააცნეს. შეხვედრას დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძეც ესწრებოდა.

კვლევები მიმდინარე წლის აგვისტოში, კარდაკარის პრინციპით სოფელ მაღაროსკარსა და სოფელ ჩარგალში ჩატარდა. როგორც კვლევების შედეგებით ირკვევა, მოსახლეობის უმეტესობისთვის ძირითად პრობლემებს წყალი, სკვერის არარსებობა და მუნიციპალური ტრანსპორტი წარმოადგენს. დუშეთის მერმა, მანანა ნარიმანიძემ მონაწილეებს ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო პროცესებში ქალების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობას დუშეთის მერია აქტიურად გეგმავს.

შეხვედრის ბოლოს საკითხებზე მსჯელობა დისკუსიით დასრულდა, რომლის მიმდინარეობისასაც მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსების და შესაძლებლობების შესაბამისობა განიხილეს და მათი მოგვარებისთვის სამომავლო გეგმები დასახეს.

„ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია თემისა და ქალებისთვის, რადგან ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე ჩვენამდე კარგად არ მოდის. ახლა ზუსტად ვიცით, რა საჭიროებებს მოგვიგვარებს მერია და როგორ შეძლებენ ჩვენ მიერ წარდგენილ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობას“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თვითდახმარების ჯგუფის წევრმა, ირმა ბუთხაშვილმა სოფელ მაღაროსკარიდან.

მრგვალი მაგიდის ფორმატით წელს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკვე 11 შეხვედრა ჩატარდა. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვა და ამ მიზნით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების გამართვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.