ინტერვიუ: „ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ გენდერულად მგძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე 357 საჯარო მოხელე გადაამზადა“

თარიღი:

ტარიელ ჭულუხაძე. ფოტო: ფინანსთა სამინისტროს აკადემია
ტარიელ ჭულუხაძე. ფოტო: ფინანსთა სამინისტროს აკადემია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას საბიუჯეტო პროცესებში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებაში უჭერს მხარს. ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, 2021-2022 წლებში, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე სპეციალური სასწავლო პროგრამა შეიქმნა და მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო მოხელეების გადამზადება დაიწყო. ინიციატივა პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. მისი შედეგების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი ტარიელ ჭულუხაძე საუბრობს.

ინიციატივის განხორციელების შემდეგ რომელ ძირითად მიღწევებსა და შედეგებს გამოყოფდით?

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობდა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების მიმართულებით ღირებული ცოდნა მიიღო 357-მა საჯარო მოხელემ. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სწავლებამ მთელი საქართველო მოიცვა: მონაწილეები თითქმის ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილები.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი შედეგი, რომელიც ამ ინიციატივის მდგრადობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს: საწყის ეტაპზე შერჩეულმა თემის ექსპერტებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერები გახდნენ, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების სასწავლო პროგრამა შექმნეს და საჯარო მოხელეების გადამზადება დაიწყეს. მოგვიანებით კი, როცა სწავლების პირველი ეტაპი დასრულდა, ამ საჯარო მოხელეებს შორის 24 მონაწილე შეირჩა. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების მიმართულებით ტრენერთა ტრენინგს ახლა ისინი გადიან და შემდეგ მიღებულ ცოდნას უკვე სხვა კოლეგებს გაუზიარებენ. ვფიქრობ, ეს უწყვეტობა და მდგრადობა პროექტის განსაკუთრებული მიღწევებია.

პროექტის ფარგლებში კურსის შესახებ მომზადდა ონლაინტრენინგის მოდულიც, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი?

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ონლაინკურსი პრაქტიკულად მზად არის და ის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებგვერდზე www.mofacademy.ge უახლოეს მომავალში განთავსდება. კურსი სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, მსმენელი სერტიფიკატსაც მიიღებს. ვფიქრობ, ონლაინმოდული კიდევ უფრო გაზრდის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების თემის მიმართ ინტერესს.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით საჯარო მოხელეების ცოდნის ამაღლება?

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება არის კარგი ბიუჯეტირება და ფართო გაგებით შეიძლება, მოიცავდეს როგორც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ფისკალური პოლიტიკის მიღებას, ისე გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის სისტემას. საჯარო მოხელეთა გადამზადება ამ თემებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ თავიანთი პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ეტაპებზე გენდერული საკითხების გათვალისწინება შეძლონ. ამასთან, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება ხელს შეუწყობს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრასა და რესურსების სამართლიან გადანაწილებას.

თავად ფინანსთა სამინისტროს აკადემია როგორ მუშაობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვაზე?

რასაც სხვას ვასწავლით და ვაწვდით, როგორც განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტს, ის თავად აკადემიაშიც უნდა იყოს დანერგილი. აქედან გამომდინარე, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და პროგრამულ ბიუჯეტში გენდერული საკითხების გასათვალისწინებლად, პროგრამული ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციაზე ვმუშაობთ. აკადემიის 2024 წლის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარე იქნება.

როგორ წარმოგიდგენიათ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის სამომავლო ნაბიჯები საქართველოში და აკადემიის როლი ამ პროცესში?

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების არსისა და მნიშვნელობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ასევე, სასურველია სამართლებრივი ბაზის ცვლილება და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გენდერული ბიუჯეტირების გათვალისწინება. ამჟამად გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება და მისი ინდიკატორები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ატარებს. თუ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინება სავალდებულო გახდება, ეს ხელს შეუწყობს და დააჩქარებს დანერგვის პროცესს. ამასთან, კარგი იქნება თუ მიზნობრივ აუდიტორიას გავაფართოებთ და სსიპ-ებსაც მოვიცავთ. პარალელურად, სხვადასხვა მხარჯავ უწყებას/მუნიციპალიტეტს სჭირდება ექსპერტიზა რათა გენდერული ბიუჯეტირების დანერგვა და გენდერული საკითხების სხვადასხვა დოკუმენტში გათვალისწინება შეძლოს.

აკადემიას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, შესაძლებლობა მოგვეცა, ბიუჯეტის სწორ და ეფექტიან დაგეგმვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა და, ცხადია, მზად ვართ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამ ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც ხელი შევუწყოთ.