პირველი პროფესია და სამსახური 46 წლის ასაკში

თარიღი:

ზინა ცერცვაძე. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
ზინა ცერცვაძე. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

„რატომღაც ვფიქრობდი, რომ თუ მუშაობას დავიწყებდი, საშინაო საქმეებს ვეღარ მოვასწრებდი. სოფელია და აქ სულ რაღაც გაქვს გასაკეთებელი. დიდად სახლიდანაც არ გავდიოდი და უმეტესად კარ-მიდამოს ვუვლიდი. როცა შარშან სამსახურში პირველად წავედი, 46 წლის ვიყავი. მას შემდეგ დილაობით სულ სხვა ხალისით ვდგები“, - ჰყვება ზინა ცარციძე, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ „ანში“ ცხოვრობს და ადგილობრივ საბავშვო ბაღში მზარეულად მუშაობს.

კულინარია ყოველთვის ძალიან მოსწონდა, მაგრამ საყვარელი საქმე შემოსავალსაც თუ მოუტანდა, ვერ წარმოედგინა. პირველად ცვლილებებზე „ფონდ ტასოსთან“ შეხვედრების შემდეგ დაფიქრდა: „გარეთ რომ გავედი, გავიგე, ქალებს რა უფლებები გვქონდა და მივხვდი, რომ მუშაობის დაწყება ასაკის მიუხედავადაც შემეძლო. ამ შეხვედრებმა გამბედაობა მომცა და გადამაწყვეტინა, კულინარია პროფესიულ დონეზე შემესწავალა“, - იხსენებს ზინა.

ზინა ერთ-ერთი იყო იმ ქალებს შორის, რომლებმაც სასწავლო გრანტი და კულინარიის სამთვიანი კურსის დაფინანსება მიიღეს. თავდაპირველად ოჯახშიც კი არ სჯეროდათ, რომ პროფესიას დაეუფლებოდა და შემდეგ მუშაობას დაიწყებდა, თუმცა კურსი წარმატებით დაასრულა, სერტიფიცირებული მზარეული გახდა, სოფლის ახალგახსნილ საბავშვო ბაღში დასაქმდა და შესაბამისი საკვალიფიკაციო სწავლებაც გაიარა.

უკვე მეშვიდე თვეა, სამსახური ზინას ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მის პროფესიონალიზმს კი საბავშვო ბაღის სერვისების ხარისხში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს: „ცხოვრებას სულ სხვა ხალისი მიეცა, ბაღის ბავშვებთან ურთიერთობა საოცარ განწყობას მიქმნის“, - ამბობს ის.

ზინასთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომლის აქტივობებიც „ფონდი ტასოს“, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ქეა კავკასიის მიერ ხორციელდება, სოფლად მცხოვრები ასობით ქალის ცხოვრება შეიცვალა. 50-ზე მეტმა მათგანმა პროფესიული სასწავლო გრანტი მიიღო, სასურველი პროფესია აითვისა და მიღებული განათლების შედეგად, დასაქმდა კიდეც, 150-ზე მეტი ქალი კი მცირე ეკონომიკური გრანტის მფლობელი გახდა და შემოსავლის მომტანი საქმიანობა დაიწყო. დღეს ზოგიერთი მათგანი უკვე თავადაცაა დამსაქმებელი, არა მარტო საკუთარი ოჯახის, არამედ თემის ფინანსურ კეთილდღეობასაც აუმჯობესებს და ზინას მსგავსად, პოზიტიური ცვლილებების მაგალითს ქმნის: მზარეულის ამბავმა სოფლის სხვა ქალებზეც მოახდინა გავლენა. როგორც თავად ამბობს, ისინი უფრო გამბედავები და მოტივირებულები გახდნენ, ამიტომ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ცოდნის გაღრმავებას კვლავაც გეგმავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.