გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციისთვის საქართველოში შესაძლებლობები და დიალოგი ძლიერდება

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში საერთაშორისო ინსტრუმენტის, გენდერული ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. რეფორმა ქვეყანაში კარგი მმართველობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სწორედ აღნიშნული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენდა შეხვედრა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პირველ აპრილს გაიმართა და საქართველოში გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციას მიეძღვნა. მისი მიზანი პოლიტიკის შემუშავებისა და კანონშემოქმედებით პროცესებში გენდერული ზეგავლენის შეფასების სისტემური დანერგვისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაცია, საერთაშორისო ინსტრუმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლება, კანონშემოქმედებით საქმიანობაში გენდერული ზეგავლენის შეფასების დანერგვისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა და ვალიდაცია იყო. შეხვედრაში საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და განვითარების ორგანიზაციების 22-მა წარმომადგენლმა მიიღო.

„ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პოლიტიკის წარმოებისა და კანონშემოქმედებით პროცესებში გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის სავალდებულო წესით დანერგვაზე მუშაობს. ეს საქმიანობა ქვეყნის მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხმიანება და საქართველოში კარგი მმართველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებისთვის მნიშვნელოვან, წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“,- აღნიშნა შეხვედრის შემდგომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ინსტრუმენტის შესახებ ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა 5-დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიმდინარეობისას 18-მა მონაწილემ, რომელთა შორის გენდერისა და საჯარო პოლიტიკის ექსპერტები და მკვლევრები იყვნენ, გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის, მისი ჩატარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებისა და სტანდარტების შესახებ ცოდნა და უნარები შეიძინეს.

„გენდერული ზეგავლენის შეფასება კარგი და ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების წინაპირობაა, რაც კაცებს, ქალებს, გოგოებსა და ბიჭებს შორის რესურსების თანაბარ განაწილებასა და ჩართულობას უზრუნველყოფს. ტრენინგის შედეგად, გენდერული ზეგავლენის შეფასების პროცესსა და მეთოდოლოგიას გავეცანი, რაც სამომავლოდ ამ ინსტრუმენტზე მუშაობის შესაძლებლობას მომცემს“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, გენდერისა და ინკლუზიის ექსპერტმა, ანა ილურიძემ.

გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.