საქართველოს უსაფრთხოების სექტორი გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგამს

თარიღი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი დანერგვაა. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობს და სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს.

უპირველესად ეს პარტნიორობა მოიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში გენდერის საკითხებზე მუშაობის გაღრმავებას, საჯარო უწყებების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის პრინციპების, ასევე, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების თვალსაზრისით.

დღესდღეობით საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას უპირველესად სტერეოტიპები აფერხებს. უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის გენდერისა და უსაფრთხოების მკვლევარი მეგან ბასტიკი ქალების წინაშე არსებულ ბარიერებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოწვევები ძირითადად მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება: „კაცი ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ქალები, შვილების მიმართ არსებული პასუხისმგებლობის გამო, საქმის ერთგულები ნაკლებად იქნებიან. სწორედ ამიტომ, მათ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს არ აძლევენ, ან ნაკლებად მოთხოვნად კარიერულ პოზიციებზე ნიშნავენ. ეს სტერეოტიპები იმ ქალებსაც შეეხებათ, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ“, - აცხადებს მეგან ბასტიკი.

გენდერისა და უსაფრთხოების მკვლევარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბარიერების დაძლევისთვის საჭიროა, მშობლებმა შვილების მიმართ პასუხისმგებლობები გადაინაწილონ, სამუშაო ადგილზე კი მეტი შესაძლებლობები არსებობდეს. „უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებს შეუძლიათ, მოკლევადიან პერიოდში აიღონ ვალდებულებები ქალებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველყოფისთვის, გააკონტოლონ მათი შესრულება და გაავრცელონ შესაბამისი პროგრესის შესახებ ინფორმაცია, ცვლილებები შეიტანონ სამუშაო ადგილზე იმგვარი პოლიტიკის ფორმირებაში, რაც ხელს შეუწყობს ქალების წინაშე არსებული ბარიერების გადალახვას“, - აღნიშნავს მეგან ბასტიკი.

საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის თანამშრომლობით გათვალისწინებული ინიციატივები სწორედ ამ ბარიერების აღმოფხვრისთვის საჭირო ნაბიჯებს ეფუძნება: იმ უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით პირველ ნაბიჯებს დგამენ, სასწავლო-გაცნობითი ტრენინგები ჩაუტარდებათ, ხოლო ისინი, ვინც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე უკვე წლებია მუშაობენ, მეტი პროგრესის მიღწევისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილებისთვის ცენტრის ექსპერტთა მხარდაჭერას მიიღებენ.

უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიზნით განხორციელებული აქტივობები და უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.