სოფლის განვითარების სააგენტოში გენდერული სტატისტიკისა და გენდერული ინდიკატორების წარმოება დაინერგება

თარიღი:

გენდერული სტატისტიკისა და ინდიკატორების ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. Ფოტო: სოფლის განვითარების სააგენტო
გენდერული სტატისტიკისა და ინდიკატორების ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. Ფოტო: სოფლის განვითარების სააგენტო

სოფლის მეურნეობის სექტორში გენდერული სტატისტიკისა და გენდერული ინდიკატორების წარმოება, ანალიზი და შესაბამის მიგნებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ამ სფეროში გენდერული თანასწორობის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

გლობალური პრაქტიკა ადასტურებს, რომ მიწის საკუთრების, ფინანსებსა და საკონსულტაციო სერვისებზე წვდომის, სოფლის მეურნეობის კოოპერატივებში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გენდერული სტატისტიკის შეგროვება და გენდერული ინდიკატორების წარმოება სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების შექმნის თვალსაზრისით ქმედით შესაძლებლობებს ქმნის. მათი დახმარებით, ამ პროგრამებში კიდევ უფრო ეფექტიანად ხდება ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, საჭირო დახმარების მიღება პროდუქტიულობისა თუ მდგრადობის გაზრდისთვის.

საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, Swisscontact-ის პროექტის „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება” დაფინანსებით გადაიდგა. მიმდინარე წელს სოფლის განვითარების სააგენტომ, რეგიონებში აღნიშნული პროექტის ტექნიკური და ფინანსური თანადგომითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, გენდერული სტატისტიკის და გენდერული ინდიკატორების შეგროვების სისტემა შეიმუშავა. სისტემას სააგენტო ყველაზე მასშტაბური პროგრამებისთვის - „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ უწყების 12-მა თანამშრომელმა შესაბამის თემაზე სამდღიანი ტრენინგიც გაიარა. გადამზადებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 3 თანამშრომელიც ესწრებოდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს გენდერული ინდიკატორები საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და 5 კატეგორიად გაერთიანებულ 13 ინდიკატორს მოიცავს. "გენდერული ინდიკატორების დახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოს საშუალება ექნება, პროგრამები გენდერულად გააანალიზოს და პროგრესი შეაფასოს, რაც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, სხვადასხვა ინიციატივის დაგეგმვასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემებისა და გენდერული ინდიკატორების შეგროვების სისტემის შემუშავება და დანერგვა სოფლის განვითარების სააგენტოს 2022-2024 წლების გენდერული სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანასაც წარმოადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი (RSMEDP), მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ბაზრის სისტემების განვითარებით და რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსური და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებით. პროექტი ხორციელდება Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ. RSMEDP ხორციელდება 2020 – 2024 წლების ფარგლებში.