ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები სტუდენტების ფოკუსში

თარიღი:

სოფო ნარიმანიძე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე საკუთარ მოხსენებას წარადგენს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სოფო ნარიმანიძე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე საკუთარ მოხსენებას წარადგენს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სტუდენტების ჩართულობა სრულიად ახალ პერსპექტივებს ქმნის. ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტეგრირებას უჭერს მხარს.

სწორედ ეს მხარდაჭერა უდევს საფუძვლად გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თანამშრომლობას, რომელიც აკადემიურ წრეებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ სამეცნიერო ინტერესის გაღრმავებას, კონფლიქტის გენდერული ანალიზის დამკვიდრებას, მშვიდობის მშენებლობაში ქალების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენასა და მათი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. აღნიშნული თანამშრომლობის ნაწილს წარმოადგენდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 81-ე სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი პანელიც, რომელიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მომზადებულ მოხსენებებს დაეთმო.

სულ კონფერენციაზე 19 მოხსენება იყო წარდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი პოსტკონფლიქტური პერიოდის საქართველოში (2010-2020 წლები) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მექანიზმებს შეეხებოდა. როგორც მისმა ავტორებმა და კონფერენციის გამარჯვებულებმა, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ირმა ჩხეიძემ და სოფო ნარიმანიძემ აღნიშნეს, საკითხის კვლევა მის მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გამო გადაწყვიტეს. „გვსურდა, შეგვესწავლა ის გამოწვევები, რომლებსაც ქალები პოსტკონფლიქტური ტრანზიციის პერიოდში უმკლავდებიან და სწორედ მათი პერსპექტივიდან დაგვენახა და გაგვეანალიზებინა, თუ რა ტიპის პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით. კვლევის პროცესში, სახელმწიფო პოლიტიკის გაანალიზებასთან ერთად, ნათლად გამოიკვეთა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო აქტორების მასშტაბური როლი და გავლენა, როგორც ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში, ისე ინსტიტუციური დიზაინისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირებაში“, - აღნიშნეს მათ.

სექციის კიდევ ერთი გამარჯვებულმა, სოციოლოგმა ლელა ჯავახიშვილი კი ქართულ სატელევიზიო მედიაში ფემიციდის გაშუქების პრაქტიკა იკვლია: „წინა წლებთან შედარებით პროგრესი აშკარაა და მეტ ყურადღებას საჭიროებს", - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ პანელზე წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომების გამოქვეყნებაც იგეგმება.

კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ნაწილია. იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.