ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარული დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების მხარდაჭერას, რომელთა მთავარი მიზანიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებაა.

ამ მიზნით, 16 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას უმასპინძლა. მისი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოება იყო.

ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატში, ორ თემატურ სესიად წარიმართა. პირველი სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობა და არსებული გამოწვევები განიხილა. “ძალიან მნიშვნელოვანია ის უკუკავშირი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ვიღებთ, განსაკუთრებით ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირებისა და განხორციელების მიმართულებით“,- განაცხადა მან.

მეორე სესიაზე მონაწილეებმა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებები განიხილეს. ამავდროულად, საუბარი შეეხო სამშვიდობო პროცესებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირებასა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფას.

დისკუსიის განმავლობაში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს დააყენეს, როგორებიცაა ალტერნატიული ფორმატების შექმნა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საკუთრების უფლება და ახალგაზრდების განათლებაზე ხელმისაწვდომობა: „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები ქალთა სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარებულ ქალებთან და გოგოებთან და თან სპეციფიკური გენდერული მიდგომების გათვალისწინებით, რათა მათ ალტერნატიულ პლატფორმებსა და ფორმატებში მონაწილეობა შეძლონ“,- აღნიშნა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ.

შეხვედრას სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.